სოფლის მეურნეობის პროდუქცია წლიურად 11.3%-ით გაძვირდა

2025 წლის მე-3 კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 2.4 პროცენტით შემცირდა. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 24.2 პროცენტიანი კლებით, რამაც შესაბამისად, -6.1 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 11.3 პროცენტით.
„ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 9.3 პროცენტიანი მატებით, რაც 5.19 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 9.4 პროცენტით, ხოლო ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 23.2 პროცენტით გაიზარდა, რამაც შესაბამისად, 2.13 და 3.98 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში,“ – ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.