ინიციატივა „სამშვიდობო ხიდის“ ფარგლებში 2025 წლის 21-22 ნოემბერს აზერბაიჯანში სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფის ვიზიტი გაიმართა.
როგორც hetq.am – წერს, სომხური მხრიდან ინიციატივის წარმომადგენლები არეგ კოჩინიანი, ბორის ნავასარდიანი, ნაირა სულთანიანი, ნარეკ მინასიანი და სამველ მელიქსეტიანი შეხვდნენ აზერბაიჯანელ კოლეგებს: ფარჰად მამედოვს, რუსიფ ჰუსეინოვს, ქამალე მამედოვას, რამილ ისკანდერლისა და ფუად აბდულაევს.
შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა განიხილეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის პროცესის დინამიკა, დიალოგის დამყარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლი და მომავალი ერთობლივი პროექტები. ასევე განხილული იყო აზერბაიჯანისა და სომხეთის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები, რომლებიც მშვიდობის პროცესს უკავშირდება.
გამოცემის ცნობითვე, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივი საქმიანობის გააქტიურებაზე მედიის სფეროში, ექსპერტულ ჯგუფებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებაზე და აზერბაიჯანისა და სომხეთის სამოქალაქო საზოგადოებების უფრო აქტიურ ჩართულობაზე მშვიდობის პროცესში.
ასევე დაიგეგმა სამუშაო დონეზე კონტაქტების გაგრძელება და მომავალი ვიზიტების ორგანიზება აზერბაიჯანსა და სომხეთში ინიციატივა „სამშვიდობო ხიდის“ საქმიანობის ფარგლებში.
ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა ინიციატივის წევრებსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის დამხმარეს, ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროს ჰიქმეთ ჰაჯიევთან. საუბრის დროს განიხილეს ნაბიჯები, რომლებიც ბაქომ და ერევანმა გადადგეს ვაშინგტონის შეხვედრის შემდეგ მშვიდობის დღის წესრიგის განმტკიცების მიმართულებით. ჰიქმეთ ჰაჯიევმა ინიციატივის წარმომადგენლების კითხვებსაც უპასუხა.




