უკრაინაში ომის დასასრულებლად შეერთებული შტატების მიერ მომზადებული გეგმის განსახილველად ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის ჟენევაში, 23 ნოემბერს გამართული მოლაპარაკების შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
თეთრი სახლის და უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტებზე გასულ ღამით გამოქვეყნებულ განცხადების თანახმად, მოლაპარაკება იყო კონსტრუქციული, ფოკუსირებული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული, რაც ხაზს უსვამს საერთო ერთგულებას სამართლიანი და მყარი მშვიდობის მიღწევისადმი.
მხარეები კონსულტაციებს ძალიან პროდუქტიულს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ განხილვამ აჩვენა არსებითი პროგრესი პოზიციების შეთანხმებასა და შემდგომი მკაფიო ნაბიჯების განსაზღვრაში.
მხარეებმა დაადასტურეს, რომ ნებისმიერი მომავალი შეთანხმება სრულად უნდა სცემდეს პატივს უკრაინის სუვერენიტეტს და უზრუნველყოს მდგრადი და სამართლიანი მშვიდობა.
ჟენევაში მოლაპარაკების შედეგად მხარეებმა მოამზადეს სამშვიდობო დოკუმენტის განახლებული და დაზუსტებული ჩარჩო.
განცხადებაში ისიც ნათქვამია, რომ უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება აშშ-ის და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ იმ დაუღალავი ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია ომის დასრულებისა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისკენ.
ერთობლივი განცხადების თანახმად, უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გააგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას საერთო წინადადებებზე. მათ მჭიდრო კონტაქტი ექნებათ ევროპელ პარტნიორებთანაც.
ჩარჩო დოკუმენტზე საბოლოო გადაწყვეტილებებს უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები მიიღებენ.
ორივე მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, რომ გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას, რათა მიღწეული იყოს მშვიდობა, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და აღდგენას.
აშშ-სა და უკრაინას შორის ჟენევაში 23 ნოემბერს გამართულ მოლაპარაკებაზე დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი.
ტელეკომპანია CNN-ი სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ მარკო რუბიომ ჟენევა უკვე დატოვა. მხარეებს შორის ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკებები გაგრძელდება.
გასულ კვირაში მედიამ მოიპოვა უკრაინაში ომის დასასრულებლად აშშ-ის მიერ მომზადებული გეგმა, რომელიც უკრაინის უსაფთხოების გარანტიებთან ერთად დიდწილად ასახავს რუსეთის მოთხოვნებს. მათ შორის უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქებისა და ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებას, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებას და უკრაინის უარს, გახდეს ნატოს წევრი.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა, აღმოჩნდეს ძალიან რთული არჩევანის წინაშე – ან ღირსების, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვა.
სამშვიდობო გეგმის ოფიციალურად მიღების შემდეგ უკრაინამ აშშ-ს თავისი წინადადებები წარუდგინა. 23 ნოემბერს მხარეებს შორის ჟენევაში მოლაპარაკებები დაიწყო.
კონსულტაციებისთვის ჟენევაში იმყოფებიან ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებიც.
ფორუმი




