ლილუაშვილი: ორჯერ ორი ოთხია, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გაღრმავდეს

ქართული ოცნების მიერ ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით ჩინეთში დელეგაციის გაგზავნასთან დაკავშირებით ტაბულა გახარიას პარტიის საქართველოსთვის წევრს, ბექა ლილუაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ქვეყნისათვის ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია, თუმცა ის, თუ რამდენად შეძლებს ამას ამგვარად დაკომპლექტებული დელეგაცია, კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ლილუაშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ჩინეთთან თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობის შეთანხმება პარტიის ამჟამინდელი ლიდერის, გიორგი გახარიას ინიცირებულია.
“ჩინეთის ეკონომიკა უზარმაზარია და მთელი ეს ტვირთბრუნვა, ნაკადი რომელიც ევროკავშირისკენ, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობს, ბუნებრივია, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. აი, ამ ტვირთების გატარებისთვის შესაბამისი სერიოზული ეკონომიკური კაპიტალი უნდა შექმნას და ამაში, ცხადია, ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გაღრმავდეს. ამას ჩვენ ვერავინ ვერ გვასწავლის. ჩინეთთან თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობის შეთანხმება არის გიორგი გახარიას ინიციირებული და გიორგი გახარიას ხელმოწერილი. შესაბამისად ეს ორჯერ ორი ოთხია”. – ამბობს ბექა ლელუაშვილი.
გახარიას გუნდის წევრის მითითებით, ჩინეთში ვიზიტი არა საქმიანი, არამედ გასართობი ხასიათის იყო. პარტია ასევე აპირებს, გამოითხოვოს ინფორმაცია ქვეყნის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების შესახებ.
“ჩინეთში ნებისმიერი ვიზიტი უნდა იყოს საქმიანი, კონკრეტულ შედეგებზე და მიზანზე ორიენტირებული, უნდა იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ისინი უნდა იყვნენ კონკრეტული ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებით კომუნიკაციაში შესული და არა “საგულაოდ” და დროის გასატარებლად. რა შუაშია ისეთი პარტიული საპარლამენტო დელეგაცია,სადაც ნახევარი პარლამენტია წარმოდგენილი ოცნებიდან, ოცნების დელეგაციის შემადგენლობას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან შეხვედრასთან, ან რა კავშირი უნდა ჰქონდეს ამას ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებასთან ჩინეთთან? აბსოლუტურად არანაირი კავშირი. ისინი წასულები არიან უბრალოდ აქაური პოლიტიკური რეალობისგან გასაქცევად და დროის გასატარებლად, ეგ არის კითხვები რაც, ბუნებრივია, ისმევა. საინტერესოა, რა დაუჯდათ ეს ვიზიტი და აუცილებლად მოვითხოვთ ამ ინფორმაციას როცა დაბრუნდებიან, იმიტომ, რომ ეს ბიუჯეტიდან დაფინანსებული ფულია”. – თქვა ლილუაშვილმა ტაბულასთან საუბრისას.
15 იანვარს ირაკლი კობახიძის მეთაურობით ქართული ოცნების დელეგაციამ ჩინეთში ვიზიტი დაიწყო. კობახიძის თქმით, “ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის”.
27 ივლისს პრემიერი სტრატეგიული პარტნიორობის დასამყარებლად ჩინეთში ჩავიდა.
27 ოქტომბერს ტაბულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში გამართული ფორუმის ბანკეტს ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო და მის სიტყვით გამოსვლასაც მოუსმინა.