უგანდის ბვინდის უღრანი ტყის ეროვნულ პარკში, კამერის ჩანაწერების დათვალიერებისას, ბიოლოგმა მვეზი მუგერვამ უცნობი არსება შენიშნა, რომელიც შინაურ კატაზე ორჯერ დიდი იყო.
კოლეგებმა ცხოველის იდენტიფიცირება ვერ შეძლეს, თუმცა ადგილობრივებმა ამ სახეობის შესახებ ყველაფერი იციან: ეს ოქროსფერი კატაა, რომელსაც აფრიკაში ემბეკას სახელით იცნობენ.
ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ტროპიკულ ტყეებში გავრცელებული სახეობა იმდენად იშვიათია, რომ IUCN-ის ბოლო შეფასებაში, მისი პოპულაციის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის მოცემული. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN), სამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი ქსელი, დიდი ხანია აკვირდება გადაშენების პირას მყოფ ამ ველურ ცხოველს.
მვეზი მუგერვამ 2019 წელს აფრიკის ოქროსფერი კატის კონსერვაციის ალიანსი (AGCCA) დააარსა, რომელიც 19 ქვეყნის 46 კონსერვატორისგან შემდგარი ქსელია. ამავდროულად, აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია Panthera, ავითარებდა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმს, რომელსაც შეეძლო სურათების სწრაფად დახარისხება და ცალკეული კატების იდენტიფიცირება მათი უნიკალური ბეწვის ნიმუშების მიხედვით.
ველური ბუნების ბიოლოგი მვეზი მუგერვა
“ეს მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან ახლა ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ რაოდენობასა და გავრცელების არეალზე“, – ამბობს მუგერვა და დასძენს, რომ ხელოვნური ინტელექტის გარეშე, ცალკეული კატების გარჩევა თითქმის შეუძლებელი იქნებოდა მათი მცირე ზომისა და დახვეწილი ნიშნების გამო.
აღმოსავლეთ აფრიკაში, ოქროსფერი კატა იშვიათად ხდება მონადირეების სამიზნე. თუმცა, ღორებისა და ანტილოპებისთვის მოწყობილი ხაფანგები ხშირად მათ სიცოცხლესაც უქმნის საფრთხეს.




