საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრმა ჯამში 349 ათას 943 ლარით ორი ტენდერი გამოაცხადა.
საახალწლო დღეებში მანათობელი კონსტრუქციებით ბათუმის გაფორმებისთვის კი ტენდერი მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს აქვს გამოცხადებული 976 ათას 60 ლარით. რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეთა ჰონორარებს, ბათუმის მერია ტრადიციულად, ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გასცემს.
საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეები და მათი ჰონორარები ჯერ ცნობილი არ არის. ქალაქის ბიუჯეტის მიხედვით კი, მერიას აღნიშნული ჰონორარებისთვის მინიმუმ 425 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.
თუ ამ თანხებს მთლიანად აითვისებენ, საახალწლო ღონისძიებები, 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ბათუმის ბიუჯეტს მთლიანობაში 1 მილიონ 751 ათასი ლარი დაუჯდება.
თუმცა, გამორიცხული არ არის ეს თანხაც გაიზარდოს. კულტურის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე, რომელზეც გასამართი ღონისძიებების ლოკაციებია მონიშნული, მემედ აბაშიძის გამზირზე დატანილია ყინულის მოედანიც.
კულტურის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ყინულის მოედნის მოწყობასთან დაკავშირებით დეტალებს ბათუმის ყინულის სასახლესთან აზუსტებენ და კონკრეტულ გადაწყვეტილებას ნოემბრის ბოლოს მიიღებენ.
საახალწლო ღონისძიებების ლოკაციები ბათუმში / წყარო: შესყიდვების პორტალი
ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებული ტენდერებით ირკვევა, რომ მერია საახალწლო ღონისძიებებს ევროპის მოედანზე და მიმდებარე ქუჩების მონაკვეთებში ჩაატარებს: მემედ აბაშიძის გამზირზე [თავდადებულის ქუჩიდან კ. გამსახურდიას ქუჩამდე მონაკვეთში] და ბარათაშვილის ქუჩის დასაწყისში [აბაშიძის გამზირიდან მელაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში].
ცენტრის მიერ 124 ათას 462 ლარით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს: საგამოფენო სივრცეების [დახლები], კვების ობიექტების [ჯიხურების], ასევე კვების სივრცის [სკამ-მაგიდები] მოწყობა;
მასვე ევალება სანტას კუთხის მოწყობა; კარავი ტექნიკური პერსონალისთვის; ქუჩის ხეივნის მოწყობა; ტრანსპორტით მომსახურება; საწვიმარი ლაბადების მიწოდება და სხვა. თითოეული მომსახურების დეტალური ტექნიკური აღწერილობა გაწერილია ტენდერის ტექნიკურ დავალებაში.
მეორე ტენდერი კულტურის ცენტრს 225 ათას 481 ლარით აქვს გამოცხადებული. ამ ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს: ლედ ეკრანით მომსახურება; დიჯეი მაგიდა ლედეკრანით; კარვებით უზრუნველყოფა; ბიოტუალეტით მომსახურება; სცენის დეკორაციები; ფერადი ქაღალდის და ფერადი ბრჭყვიალა ქაღალდის სასროლი აპარატებით მომსახურება; პიროტექნიკური მომსახურება.
ასევე: დიჯეი კონცერტების, ქეითირინგით, გიტარის კომბით და ელექტროკლავიშით მომსახურება; გახმოვანებითა და დაცვის პერსონალით უზრუნველყოფა; სცენის გარე გამათბობელით მომსახურება, კაბელარხის და ინტერნეტრეკლამის უზრუნველყოფა.
ორთავე ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 17 ნოემბერს დაიწყო და 28 ნოემბერს დასრულდება.
რაც შეეხება საახალწლო დღეებში მანათობელი კონსტრუქციებით ბათუმის გაფორმებისთვის მერიის სამმართველოს მიერ 976 ათას 60 ლარით გამოცხადებულ ტენდერს, მასში წინადადებების მიღება 19 ნოემბერს დასრულდება.
იმ ადგილიდან 130 მეტრში, სადაც მერია მთავარ ნაძვის ხეს აწყობს, სკვერის და ქუჩის გარეგანათება რამდენიმე დღეა გამორთულია. ამ ადგილზე 357-ე დღეა პროევროპული უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. იმის გამო, რომ ეს კონკრეტული ლოკაცია ჩაბნელებულია, აქციის მონაწილეები ქუჩის განათებულ – მოპირდაპირე მხარეს, აჭარის მთავრობის სახლთან იკრიბებიან.
batumelebi.netgazeti.ge




