ოთხი ადამიანი დაიღუპა ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ოთხი ადამიანი დაიღუპა ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად.
“სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი — თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები — მოყვნენ ჩამოშლილი მასის ქვეშ. ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ხოლო ერთი პირი გადაყვანილია კლინიკაში. ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორი კომპანიისგან მოითხოვს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მაქსიმალურ გამკაცრებას და სამუშაო წარმოებისას რეგულაციების მკაცრად დაცვას. საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 23 ნოემებრს 21.20 სთ-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეშეთი-კობის გზის პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს რეგიონში არსებული სიტუაცია და შესაძლებელი გახადოს უწყვეტად და უსაფრთხოდ გადაადგილება წელიწადის ნებისმიერ დროს. ახალი გზით შემცირდება გადაადგილების დრო და ხარჯები, გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება, გაიზრდება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და განვითარდება სხვადასხვა მიმართულების ტურიზმი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 23 კმ სიგრძის, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მოეწყობა საცალფეხო გადასასვლელები, საფეხმავლო ბილიკები და ქვეითთა/პირუტყვთა გადასასვლელები.
პროექტი ხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით. მისი საერთო ღირებულება 1.240 მილიარდი ლარია. სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს. სამშენებლო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია UBM INTERNATIONAL UNITED CONSULTANTS INC.
ფორუმი