აჭარის მთავრობის აპარატმა 3 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანის შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 271 ათას 380 ლარია, თუმცა ფასების ცხრილში მითითებულია, რომ ერთი ავტომანქანის ზღვრული ღირებულება 68 ათას 860 ლარი უნდა იყოს.
ამავე ცხრილში აღნიშნულია, რომ „ავტომობილის ღირებულება მოცემულია – აქციზის გადასახადის გათვალისწინებით [მსუბუქ ავტომობილებზე დღგ-ს გადასახადი არ მოქმედებს], ხოლო ავტონაწილების ღირებულება გათვალისწინებულია დღგ-ს ჩათვლით“.
ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა ასევე, რომ ავტომანქანები იყოს რუხი ფერის.
მანქანების მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღე.
მანქანები უნდა იყოს ერთი და იმავე ბრენდისა და მოდელის, ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვება, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 500კმ], განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.
„პრეტენდენტმა თანმდევი საგარანტიო [გეგმიური] მომსახურების [ძრავის ზეთისა და ძრავის ფილტრის, წინა და უკანა ხუნდების, ჰაერის ფილტრის, კონდიციონერის ფილტრის, ძრავის ღვედი, ანთების სანთლები და სხვა.] გაწევა უნდა განახორციელოს არანაკლებ ორ ქალაქში, მათ შორის, [თბილისი, ბათუმი], ხოლო სხვა საგარანტიო შემთხვევაში [არაგეგმიური], მიმწოდებელი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება შეაკეთოს ქ. თბილისში. საგარანტიო შემთხვევაში სერვის-ცენტრამდე ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.
ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 წელი ძირითად აგრეგატებზე [ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი], 3 წელი ან 150 000 კილომეტრი [რომელიც ადრე შესრულდება] სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა [ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი].“ – აღნიშნულია ტენდერის პირობებში.
ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 28 ნოემბერს დაიწყება და ამავე წლის პირველ დეკემბერს დასრულდება.




