10 წელზე მეტი ხნის წინ, გეომეცნიერმა გრიფიტ ტეილორმა ანტარქტიდაზე, ექსპედიციის დროს, უნიკალური ჩანჩქერი აღმოაჩინა – მყინვარის ქვემოდან მოედინება გამჭვირვალე წყალი, რომელიც ჰაერთან შეხებისას წითელ ფერს იღებს.
· ჩანჩქერის წყარო ტბაში მდებარეობს, რომელიც 400 – მეტრიანი ყინულის ქვეშ იმალება, უშუალოდ წითელი შეფერილობის წყლის ადგილიდან კი დაახლოებით 1 კილომეტრითაა დაშორებული.
ადგილზე ჩასული მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ წყლის ასეთი შეფერილობა წყალმცენარეების ბრალი იყო, თუმცა მოგვიანებით, დადგინდა, ქანების ან წყაროების მოწითალო ფერი გამოწვეულია რკინით მდიდარი მინერალებით, როგორიცაა მაგნეტიტი , გოეთიტი ან ჰემატიტი (ასევე ცნობილი როგორც სისხლის ქვა). 1960-იან წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, ტეილორის მყინვარიდან აღებულ წყლის ნიმუშებში ასეთი მინერალების მხოლოდ ძალიან მცირე კვალი აღმოაჩინეს, რაც საკმარისი არ იყო სისხლისფერი შეფერილობის ასახსნელად.
ამჯერად, ალასკის ფერბენქსის უნივერსიტეტისა და კოლორადოს კოლეჯის ხელმძღვანელობით კვლევითმა ჯგუფმა ეს აშკარა საიდუმლო ანალიტიკური ტექნიკის კომბინაციის გამოყენებით ამოხსნა. კვლევის ავტორებმა წყლისა და ნიადაგის ნიმუშები გამტარი ელექტრონული მიკროსკოპის (TEM) გამოყენებით შეისწავლეს. TEM-ს ობიექტების 2 მილიონჯერ გადიდება შეუძლია.
მკვლევრებმა წყალში პაწაწინა სფეროები აღმოაჩინეს, რომელთა დიამეტრი სულ რამდენიმე ნანომეტრია. რენტგენის სხივების გამოყენებით ჩატარებულმა ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ნანოსფეროები შედგება რკინის, სილიციუმის, კალციუმის, ალუმინის, ნატრიუმის და სხვა ელემენტებისგან. მეცნიერული დაკვირვების შედეგად დადასტურდა ისიც, რომ “სისხლიან ჩანჩქერში“ მიკროორგანიზმები ცოცხლობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სიცოცხლე ექსტრემალურად მძიმე პირობებშიც კი შეუძლიათ.
წყარო: ambebi.ge




