ს ბიუჯეტი 5,4 მილიონით იზრდება, ხელფასებისთვის საჭირო თანხა კი – 6,7 მილიონით

2026 წლისთვის ს ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით 5,4 მილიონი ლარით გაიზრდება, მერიასა და მუნიციპალურ ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასებისთვის საჭირო თანხა კი – 6,7 მილიონი ლარით.
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რომელიც მერიის საბიუჯეტო სამსახურმა საკრებულოში უკვე გადააგზავნა, ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი 570 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.
მიმდინარე, 2025 წლის ბიუჯეტი 564,5 მილიონი ლარია.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში შრომის ანაზღაურების მუხლში თანხა გაზრდილია და 62 მილიონ 750 600 ლარს შეადგენს, რაც მერიის ფინანსისტების განმარტებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით არის განპირობებული: „საბაზო თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1 600 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1 460 ლარისა“.
2025 წლის ბიუჯეტში ხელფასებისთვის 55 მილიონ 977 300 ლარია გაწერილი.
მერიაში განმარტავენ, რომ შრომის ანაზღაურების ნაწილში თანხის გაზრდა ახალი საბავშვო ბაღების გახსნასაც უკავშირდება, თუმცა, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს „მომუშავეთა რიცხოვნობა“ არ იზრდება და კვლავ 2 975 რჩება.
პროექტის მიხედვით, მერია მომავალ წელს ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას და სამი ბაღის ეზოს კეთილმოწყობას გეგმავს. ახალ ბაღს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე #188-ში ააშენებენ, სადაც „ოცნების ქალაქია“, ინასარიძის, აღმაშენებლისა და პუშკინის ქუჩებზე კი, მოქმედი საბავშვო ბაღების ეზოებს მოაწყობენ.
სამომავლოდ „საქონლისა და მომსახურების გრაფაში“ – 101 მილიონ 354 300 ლარი გაითვალისწინეს. ეს საინტერესო მუხლია ბიუჯეტში, იმ თვალსაზრისით, რომ ხელშეკრულებით დასაქმებულებს ხელფასს ხშირად იმ თანხიდან უხდიან, რაც ბიუჯეტში „საქონლისა და მომსახურების“ მუხლშია გაწერილი.
მიმდინარე წლის 10 თვის ანგარიშის მიხედვით „საქონელსა და მომსახურებაზე“ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 61 მილიონ 469 900 ლარი, მისი წილი მთლიან ასიგნებებში 18,1%-ია.
მერიის ფინანსისტების პროგნოზით, 2026 წელს შემოსავლებმა ბიუჯეტში 494 მილიონ 500 000 ლარი უნდა შეადგინოს, მათ შორის გადასახდელები – 134 მილიონ 903 ათას ლარს, გრანტები – 248 მილიონ 914 ათას ლარს და სხვა შემოსავლები 110 მილიონ 682 ლარს შეადგენს.
მერიის პროგნოზით, რამდენიმე მილიონით უნდა გაიზარდოს ბიუჯეტში ქონების გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი. 2025 წლის გეგმის მიხედვით ბიუჯეტში ქონების გადასახადებიდან 48 მილიონი უნდა შევიდეს, 2026 წლის გეგმა კი 57 მილიონია. მიმდინარე წელს 73 მილიონითაა განსაზღვრული დამატებითი ღირებულების გადასახადისგან [დღგ] მისაღები თანხა, 2026 წლის პროგნოზი კი 77 მილიონი ლარია.
გრანტის სახით მომავალ წელს მერიის ბიუჯეტში 248 მილიონ 914 300 ლარი უნდა აისახოს. აქედან 376 300 ლარს მერია საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ელოდება, 538 ათასი ლარს – სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 104 მილიონ 200 ათასი ლარი აჭარის ბიუჯეტიდან გადმოირიცხება, როგორც მიმდინარე დანიშნულების გრანტები. ამასთან, კაპიტალური ტრანსფერის სახით აჭარის ბიუჯეტიდან დამატებით 143 მილიონ 800 ათასი ლარი უნდა გადმოირიცხოს.
სხვა შემოსავლების სახით მომავალ წელს მერიამ 110 მილიონ 682 700 ლარი უნდა ამოიღოს, ეს თანხა ბიუჯეტში ადმინისტრაციულ მოსაკრებლებს, რენტისა და პროცენტებიდან შემოსულ თანხებს აერთიანებს, მათ შორის არის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და ჯარიმები.
პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტში მთლიანი თანხის 42.2% – 240 მილიონ 540 300 ლარი არაფინანსური აქტივების ზრდაზე მოდის, სოციალურ უზრუნველყოფას კი 25 მილიონ 298 000 ლარით დააფინანსებენ.
პროექტის თანახმად, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტში სხვა ხარჯების პროგნოზი 59 მილიონ 738 300 ლარია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სესხის დასაფარად 41 მილიონ 478 900 ლარი გაითვალისწინეს, რაც მთლიანი გადასახდელების 7.3 პროცენტია.
ამავე პროექტის მიხედვით, 2026 წლის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი 3 მილიონ 500 ათასი ლარი იქნება.
batumelebi.netgazeti.ge