ლატვიაში სეიმის საბიუჯეტო კომისია პარტიების დაფინანსების ერთი წლით გაყინვას ითხოვს

ლატვიის სეიმის საბიუჯეტო და საფინანსო (საგადასახადო) კომისია ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების გზების ძიებას აგრძელებს. 20 ნოემბერს კომისიამ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ერთი წლით გაყინვას დაუჭირა მხარი. კომისიის ხელმძღვანელმა, ანდა ჩაკშამ ლატვიის ტელევიზიის გადაცემა Rīta Panorāma-ში გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი დანაზოგი მიმართული იქნება დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის შემცირებისკენ და არა ახალი ინიციატივების დასაფინანსებლად.
ჩაკშას თქმით, ის ვერ დაასახელებს ზუსტ თანხას, რომელიც პარტიების დაფინანსების გაყინვით შეიძლება დაიზოგოს.
„პარტიების დაფინანსება ერთი წლით იყინება იმის გათვალისწინებით, რომ ეს პოლიტიკური ციკლის ბოლო წელია. მომდევნო ციკლებზე გადაწყვეტილებას შემდეგი მოწვევის სეიმი მიიღებს“, – აცხადებს კომისიის ხელმძღვანელი.
„ამ მომენტში, ყველაფერს, რასაც ჩვენ, როგორც სეიმის კომისია, ვზოგავთ ან მომავალში დავზოგავთ, დეფიციტის შემცირებას და სახელმწიფო ვალის დაფარვას ვახმართ“, – აღნიშნა ჩაკშამ და იქვე მიუთითა, რომ დაზოგილი ფინანსები ახალ ინიციატივებს არ მოხმარდება, რადგან ეს დამატებით სახსრებს მოითხოვს.
მისივე თქმით, არსებობს ბევრი საჭიროება, რომლისთვისაც გამოყოფილი დაფინანსება საკმარისი არ არის. ჩაკშას აზრით, ყველაზე დიდი აქცენტი ეკონომიკურ განვითარებაზე უნდა გაკეთდეს, რათა ლატვიის მცხოვრებთა საჭიროებები მომავალ წლებში უფრო მეტად დაკმაყოფილდეს.
„ეკონომიკას განვითარებას კი ხელს უწყობს მეცნიერებისთვის ხელშეწყობა, რომელიც ჩვენთან ახლა ყველაზე მწირად ფინანსდება, ვიდრე დანარჩენ ევროპაში“, – დასძინა მან.