მოკვდება, საელჩოს მიადგებიან და ბიუჯეტის ფულით აქ უნდა ჩამოასვენონ – იაკობაშვილი ემიგრანტებზე – Netgazeti • • გია იაკობაშვილი • ემიგრანტები • Netgazeti.ge

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, გია იაკობაშვილი აცხადებს, რომ თუ ქართველი ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა სურთ, ისინი ამისთვის საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ.
„ქართული ოცნების“ წევრების მსგავსად, გია იაკობაშვილიც ამტკიცებს, რომ ემიგრანტები საზღვარგარეთ ყოფნის გამო ინფორმირებულ არჩევანს ვერ აკეთებენ.
იაკობაშვილის თქმით, არ სურს, რომ ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობა იმ ადამიანებს დააკისროს, რომელიც „ასწლეულები არ ჩამოდიან“ საქართველოში.
ამის შესახებ გია იაკობაშვილმა 18 ნოემბერს გია გაჩეჩილაძის („უცნობის) გადაცემაში, „უცნობის კიდობანში“, სტუმრობისას განაცხადა.
„ზოგიერთი ჩამოდის, მაგრამ ეს ოქტომბრის ბოლოს ტარდება და მათ უნდათ ივლისში და აგვისტოში ჩამოსვლა, რომ იქ სადღაც ზღვაზე დაისვენოს, კბილები ჩაისვას, რაღაცაზე იმკურნალოს. იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეც არის და აქ იაფი უჯდება, ანუ ისარგებლოს ამ ყველაფერით და წავიდეს ისე. მაპატიე და ღმერთმა ყველა დიდხანს აცოცხლოს, იქ უნდა იყოს, გადასახადები იქ უნდა იხადოს, აქ ეს წვლილი არ უნდა შეიტანოს და მერე, ჯვარი წერია და როდესმე ყველანი ხომ უნდა მოვკვდეთ და მერე რომ მოკვდება, საელჩოს მიადგებიან რა და საქართველოს ბიუჯეტის ფულით აქ უნდა ჩამოასვენონ და აი ყოველგვარი ბოროტი იმის გარეშე, ასე ხდება ხოლმე და იმიტომ და მე ამაზე გული მწყდება ძალიან…
ასე მგონია, ქართველი უნდა ცხოვრობდეს საქართველოში. თუ გაჭირვებამ წაგიყვანა იქ, პრობლემები ხომ მოგიგვარდა და შეგიძლია, დაბრუნდე და თუ ეს პრობლემები ვერ მოაგვარე, იქ რას აკეთებ, ჩამოდი და შენს ახლობლებთან მაინც იქნები“, – განაცხადა გია იაკობაშვილმა.
„ქართული ოცნება“ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს.
ზუსტი მონაცემი იმის შესახებ, თუ რამდენი ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ცნობილი არაა. „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს 2025 წლის მარტის ინფორმაციით, არაოფიციალური მონაცემებით, საზღვარგარეთ 1.5 მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს.
2025 წელს, მხოლოდ 9 თვეში, ემიგრანტებმა საქართველოში 2.7 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, 2024 წელს – 3.4 მილიარდი დოლარი, 2023 წელს – 4.1 მილიარდი დოლარი.
ემიგრანტები საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატებას ითხოვდნენ, რომ არჩევნებზე ხმის მიცემა შესძლებოდათ. ვინაიდან, როგორც წესი, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსნებოდა. ემიგრანტებს კი, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობისგან შორს ცხოვრობდნენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირდათ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ემიგრანტებმა კამპანიებიც წამოიწყეს, რომ „ქართულ ოცნებას“ უცხოეთში საარჩევნო უბნები დაემატებინა. თუმცა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ქართულმა ოცნებამ“ საზღვარგარეთ მხოლოდ 67 საარჩევნო უბანი გახსნა, წინა არჩევნებთან შედარებით 15 უბნით მეტი. ახალი გადაწყვეტილებით კი, „ქართული ოცნება“ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს და ამტკიცებს, რომ ვისაც არჩევნებში მონაწილეობა სურს, მას საქართველოში ჩამოსვლაც შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ (მაშინ ხმა ემიგრანტთა 54,43%-მა მისცა) საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა საგრძნობლად მცირდება და ის უცხოეთში არჩევნებს ტრადიციულად აგებს.
საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შედეგები წლების მიხედვით:
· 2016 წელს – 39,6% (ეროვნულ დონეზე 48,68%)
· 2020 წელს – 29,03% (ეროვნულ დონეზე 48,22%)
· 2024 წელს – 13,49% (ეროვნულ დონეზე 53.93%).