აშშ-მა ნატოს შეატყობინა, რომ ზელენსკი უნდა დათანხმდეს სამშვიდობო შეთანხმებას – The Guardian
ბრიტანეთში გამომავალი The Guardian-ის თანახმად, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ნატოელ მოკავშირეებს უთხრეს, რომ მათი მოლოდინით უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს დღეებში უნდა დათანხმდეს სამშვიდობო შეთანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მომავალში კიდევ უარესი პერსპექტივა ელის.
გამოცემის ცნობით, ნატოელ მოკავშირეებს პარასკევს საღამოს კიევში გამართულ შეხვედრაზე ელაპარაკა აშშ-ის არმიის მდივანი, დენ დრისკოლი – მანამდე მან ზელენსკითან გამართა შეხვედრა და თეთრი სახლიდან მიიღო სატელეფონო ზარი. “სრულყოფილი შეთანხმება არ არსებობს, და ეს უნდა გაკეთდეს უფრო მალე, ვიდრე გვიან” – დრისკოლის ამ სიტყვებს გამოცემას შეხვედრაზე მყოფი ერთ-ერთი პირი ატყობინებს.
როგორც The Guardian წერს, შეხვედრაზე განწყობა მძიმე იყო, ევროპის ქვეყნების რამდენიმე ელჩი კითხვებს უსვამდა შეთანხმების შინაარსსაც და მისი შემუშავების ფორმასაც – როცა აშშ-მა რუსეთთან გამართა მოლაპარაკება და ეს მოკავშირეებს არ შეატყობინა.
“ეს იყო კოშმარული შეხვედრა. კვლავ გამეორდა არგუმენტი ‘კარტი არ გიჭირავთ'” – ეუბნება გამოცემას წყარო, რომელსაც მხედველობაში აქვს თებერვალში თეთრ სახლში გამართული შეხვედრა, როცა ეს ფრაზა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ზელენსკის უთხრა.
შემოთავაზებული შეთანხმება მოიცავს რამდენიმე პუნქტს, რომლებიც, დიდი ალბათობით, კიევისთვის მიუღებელი იქნება – მათ შორის გარკვეული ტერიტორიების დათმობას. შეთანხმება ასევე ითვალისწინება ამნისტიას კონფლიქტისას ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის.
ზელენსკიმ პარასკევს თავისი ქვეყნის მოქალაქეებს ვიდეოჩანაწერით მიმართა და თქვა, რომ ახლა დგას “ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი” ქვეყნის ისტორიაში. ზელენსკის თქმით, უკრაინა არჩევანის წინაშეა – “ჩვენი ღირსების ან მნიშვნელოვანი მოკავშირის დაკარგვას” შორის.
დრისკოლმა – რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ახლო მეგობარია და ახლახან მიამაგრეს უკრაინის პორტფოლიოს – უარი თქვა დაეზუსტებინა განხილვის პროცესში მყოფი შეთანხმება ესადაგება თუ არა იმ 28-პუნქტიან გეგმას, რომელიც მედიაში გავრცელდა
როგორც იუწყებიან, გეგმა შემუშავდა ტრამპის თანაშემწის, სტივ უიტკოფის და კრემლის მრჩევლის, კირილ დიმიტრიევის მიერ.
The Guardian-ი წერს, რომ დრისკოლი ვიზიტით რუსეთშიც ჩავა.
www.radiotavisupleba.ge




