საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილურია, მაღალი მომგებიანობით, მაღალი კაპიტალიზაციით და აქტივების მაღალი ხარისხით. პოზიტიურია დედოლარიზაციის ტენდენციები – Fitch

საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილურია, მაღალი მომგებიანობით, მაღალი კაპიტალიზაციით და აქტივების მაღალი ხარისხით. პოზიტიურია დედოლარიზაციის ტენდენციები – Fitch
საკრედიტო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი “BB” დონეზე შეაფასა, ხოლო პერსპექტივა “ნეგატიურიდან” “სტაბილურამდე” გააუმჯობესა.
2025 წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნებული უახლესი შეფასების თანახმად, პერსპექტივის გადახედვა იმას უკავშირდება, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საერთაშორისო რეზერვები, ასევე გაუმჯობესებულია ტურიზმიდან შემოსავლები და ფულადი გზავნილები.
როგორც Fitch-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 2024 წლის ოქტომბრის დაბალ ნიშნულთან შედარებით 37.2%-ით გაიზარდა და 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ისტორიულ მაქსიმუმს 5.6 მლრდ დოლარს მიაღწია.
სარეიტინგო კომპანია ხაზს უსვამს, რომ რეზერვების ზრდა სებ-ის პოლიტიკის შედეგია, რაც წლის დასაწყისიდან განხორციელებულ შესყიდვებს, ოქროს ფასის გადაფასებას და 2024 წლის ბოლო სარეზერვო მოთხოვნების ზრდას უკავშირდება. მათი განმარტებით, საგარეო შემოდინებებმა და დეპოზიტების დედოლარიზაციამ რეზერვების ზრდაში წვლილი შეიტანა.
„საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილურია, მაღალი მომგებიანობით (სექტემბრის მდგომარეობით ROE 22.7%), მაღალი კაპიტალიზაციით (პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 20%) და აქტივების მაღალი ხარისხით (უმოქმედო სესხების წილი 2.6%).“ პოზიტიურია დედოლარიზაციის ტენდენციები“ – ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში.
სებ-ის ცნობით, Fitch პროგნოზით, 2026-2027 წლებში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს – საშუალოდ 3.2% იქნება, ხოლო ეკონომიკური ზრდა ძლიერი და 2025 წელს 7.3%-ს, 2026 წელს კი 5.3%-ს მიაღწევს.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ცნობისთვის, სარეიტინგო სააგენტო საქართველოში 2025 წელს 7.3%-იან, 2026 წელს 5.3%-იან და 2027 წელს 5%-იან ზრდას ელის. ეს გაუმჯობესებული პროგნოზია, ვინაიდან აქამდე Fitch ელოდა, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით გაიზრდებოდა, ხოლო 2026 წელს 5.2%-ით.
Fitchi-ს ვარაუდით, საქართველოს წმინდა საგარეო ვალი 2027 წლისთვის მშპ-ს 36.2%-დან 32%-მდე შემცირდება, რაც კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება პროგნოზირებულ 13.4%-იან „BB“ მედიანას.
“ჩვენი საბაზისო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემოდინების აღდგენისა და შედარებით სტაბილური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.”,- წერია შეფასებაში.