თამარ კალანდაძის და ჟულიენ პებრელის “ქართლის ცხოვრება” ამსტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის IDFA-ს ერთ-ერთი გამარჯვებულია. ფილმმა საერთაშორისო კონკურსის სექციაში საუკეთესო რეჟისორის პრიზი აიღო და ასევე დაიმსახურა სპეციალური აღნიშვნა საუკეთესო დებიუტისთვის.
“ქართლის ცხოვრება” არის დოკუმენტური ფილმი სანატორიუმ “ქართლზე”, სადაც აფხაზეთის ომის შემდეგ დევნილები დასახლდნენ.
დაჯილდოებაზე სამადლობელ სიტყვაში თამარ კალანდაძემ თქვა:
“მინდა ეს შესაძლებლობა და პლატფორმა გამოვიყენო და პოლიტპატიმრებს მივმართო…ერთი სიტყვით, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მოქალაქეებო, მსურს თავი დაგიკრათ, თქვენთან ვალში ვარ, და მინდა დარწმუნებულები იყოთ, რომ ყოველდღე თქვენზე ვფიქრობთ და ვლაპარაკობთ, თქვენით ვამაყოფთ, თქვენ გვაძლევთ ძალას და თქვენს გამო ვაგრძელებთ ბრძოლას. მინდა დაგპირდეთ, რომ ერთად ვუშველით ჩვენს მშვენიერ ქვეყანას, ერთად მოვხსნით ამ ჯადოს ჩვენს თანამოქალაქეებსა და ოჯახის წევრებს, რომლებიც პროპაგანდის მსხვერპლნი არიან. ყველა პოლიტპატიმრის სახელს არ ჩამოვთვლი, თუმცა ოთხი მათგანი უნდა ვახსენო: ანასტასია ზინოვკინა, არტემ გრიბული, ანტონ ჩეჩინი და აფგან სადიგოვი, რადგან ეს ადამიანები ეთნიკურად ქართველები არ არიან, თუმცა უკვე არიან ეროვნული გმირები.”
“ქართლის ცხოვრება” ნაჩვენები იქნება თბილისში, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2 დეკემბერს.
ფორუმი




