ევროკავშირის ელჩი გამოვიდა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე და თქვა, რომ მმართველი გუნდი აცდა ევროპულ კურსს და პირდაპირ მობილიზაციისკენ მოუწოდა ამომრჩეველს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ევროპელ ბიუროკრატებს არ აქვთ არავითარი დამოუკიდებლობა.
„როგორ უნდა შემოვიდნენ დისკუსიაში, ან შეხვედრაზე როგორ უნდა მოვიდნენ, მაგიტომ გაურბიან. ევროკავშირის ელჩი გამოვიდა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე და თქვა, რომ მმართველი გუნდი აცდა ევროპულ კურსს და პირდაპირ მობილიზაციისკენ მოუწოდა ამომრჩეველს, გამოდით, რომ ეს შეცვალოთ. პირდაპირ გამოვიდა, თქვა უშუალოდ არჩევნების წინ, რომ მმართველ პარტიას არ მისცეთ ხმა და მის წინააღმდეგ გამოდით და მიეცით ხმა, ანუ ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა ხალხს. ხომ დაუჯდები და ეტყვი, რომ აი არჩევნების წინ ასეთი რაღაც გააკეთე, მოუწოდე ხალხს კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხარდაჭერისკენ და კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ, ვერაფერს ვერ გეტყვის. ან სიტყვა ბანზე უნდა აგიგდონ, რაც ხდებოდა ხოლმე, ან უნდა დაგეთანხმონ და იგივე გააგრძელონ.
მათ არ აქვთ არავითარი დამოუკიდებლობა. მაგალითად ევროპის ეკონომიკაზე ვისაუბრებ. ბევრჯერ მითქვამს, რომ მსოფლიო ეკონომიკაში ევროკავშირის წილი იყო 30%, შემცირებულია 17.5%-მდე და წლიდან წლამდე შემცირდება არსებული ტენდენციების მიხედვით. უზარმაზარი ვარდნაა 30-დან 17.5%-მდე. ამასობაში, მაგალითისათვის, ამერიკის ეკონომიკა ჩამორჩებოდა ევროკავშირის ეკონომიკას რამდენიმე ტრილიონით 2008 წელს და დაახლოებით, თითქმის ორჯერ გაასწრო ევროკავშირის ეკონომიკას. ჩინეთის ეკონომიკა იყო, თუ არ ვცდები, 4 ტრილიონი 2008 წელს და ახლა ევროკავშირის დონეზეა. ევროკავშირის ჩამორჩა აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს. 2022 წლიდან ამას დაემატა, რომ ჩაიჭრა წვდომა იაფ ენერგორესურსებთან და ძალიან კარგ ბაზართან, ანუ ევროკავშირისთვის ერთ-ერთი კარგი ბაზარი იყო რუსული ბაზარი, დაახლოებით 3 ტრილიონის ბაზარი იყო და შესაბამისად იყო ძალიან მნიშვნელოვანი სარგებელი აქედან ევროპული კომპანიებისთვის. ერთიც და მეორეც დაკარგეს და აღმოსავლეთისკენ მარშრუტი დაკარგეს, ეკონომიკური სავაჭრო გზა დაკარგეს. ასეთ დროს აღმოსავლეთისკენ უნდა სცადო გაჭრა ახალი მარშრუტები. ერთადერთი ეფექტური საშუალება ამ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ ყველგან კონფლიქტებია ჩვენს გარშემო, აქეთ რუსეთ-უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთის ომები და ა.შ. ერთადერთი ეფექტური მარშრუტი ამ დროს, რომ აღმოსავლეთისკენ გაჭრას ევროკავშირმა გზა, არის საქართველო. ამ დროს, შენ თუ ოდნავ დამოუკიდებელი მაინც ხარ და შეგიძლია იზრუნო შენს ეკონომიკაზე, რა თქმა უნდა, პირველი უნდა ეცადო საქართველოსთან ურთიერთობების დალაგებას. ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ არ არიან საერთოდ დამოუკიდებლები.
იმართება ხოლმე ევროპული სხვადასხვა ტიპის შეკრებები, ეკონომიკაზე საუბარი პრაქტიკულად აკრძალულია. მთავარი თემა ხომ ეს უნდა იყოს. ევროკავშირი ხარ, ევროკავშირის ქვეყნებს წარმოადგენ, არიან შესაბამისი ქვეყნების ლიდერები და იცი, რომ 30%-დან ჩამოხვედი 17.5%-მდე, კატასტროფული მდგომარეობა გაქვს. პირველი, რაზეც უნდა დაიწყო საუბარი არის, რა ვუშველოთ ეკონომიკას. საერთოდ აკრძალულია ამაზე საუბარი. რუსეთ-უკრაინის ომი, ლგბტ, ამაშია ჩაკეტილი ყველა თემა. ორი ძირითადი თემაა, ლგბტ და რუსეთ-უკრაინის ომი, ამის იქით არ საუბრობენ პრაქტიკულად არაფერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს




