ქსელური სუპერმარკეტების მხრიდან პროდუქციის მწარმოებლებისთვის და სადისტრიბუციო კომპანიებისთვის დაწესებული ე.წ. ქეშბექი უკვე წლებია კრიტიკის საგანია. „ბიზნესპრესნიუსიც“ რითეილ ბაზარზე არსებული კაბალური პირობების შესახებ არაერთხელ წერდა. საკითხი კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომაც შეისწავლა.
როგორც დღეს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას GCCA-ის სტრატეგიული ბაზრების დეპარტამენტის მონიტორინგის ხელმძღვანელი, გიორგი ქედელიძე აცხადებს, ტენდენცია არასახარბიელოა, რაც საბოლოო ჯამში, მომხმარებლის ჯიბეზე აისახება: „რითეილის მიერ დისტრიბუტორისთვის დაწესებული 30%-იანი ქეშბექი, საბოლოო ჯამში, 30%-ით უზრდის მომხმარებელს დახლზე პროდუქციას“.
მისივე თქმით, FMCG ბაზრის საცალო დონეზე, რითეილისა და დისტრიბუტორის ურთიერთობაში, არაერთ გამოწვევას ვხვდებით, თუმცა მნიშვნელოვანი კონტრიბუცია პროდუქტის საბოლოო, გასაყიდ ფასში, სწორედ რითეილის მიერ დისტრიბუტორისთვის დაწესებულ არაპირდაპირ გადასახადს, იგივე ქეშბექებს შეაქვს.
“სწრაფად მოხმარებადი პროდუქტების ბაზარზე მთავარი საკითხი არის ალბათ, მაინც რითეილსა და დისტრიბუტორს შორის საბაზრო ძალაუფლების დისბალანსი, სადაც რითეილს უფრო მეტი მოლაპარაკების და ზოგადად საბაზრო ძალა გააჩნია, ვიდრე დისტრიბუტორებს.
მარტივად რომ ავხსნათ, ვსაუბრობთ ორგანიზებულ რითეილზე, რომელსაც აქვს ქსელური მოწყობა და დიდი რაოდენობის მაღაზიები. მათი მხრიდან კონკრეტული პროდუქტის ჩანაცვლება სხვა პროდუქტით, კონკრეტული დისტრიბუტორის ჩანაცვლება სხვა დისტრიბუტორით, უფრო მარტივია და მეორეს მხრივ, დისტრიბუტორებისთვის კონკრეტული ქსელის ჩანაცვლება სხვა ქსელით უფრო რთულია. თუ უნდა, რომ წარმატებული ბიზნესი იყოს, მან კონკრეტულ ქსელებში აუცილებლად უნდა შეიტანოს თავისი პროდუქცია. რა თქმა უნდა, მცირე ზომის მაღაზიებშიც შეუძლია ეს, თუმცა აუცილებელია ქსელებში შეტანა, რადგან მომხმარებელი, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ძირითადად კონსოლიდირებულია სწორედ რითეილის დონეზე, შესაბამისად, იქ პროდუქციის შეტანა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
საბოლოო ჯამში, რამდენიმე მიმართულება შეგვიძლია გამოვყოთ. ჩვენ როდესაც შეხვედრები გვქონდა როგორც ერთ, ასევე მეორე მხარესთან, იყო რეალიზებული პროდუქტის თანხის დაგვიანებით გადახდის შემთხვევები, ახალ მაღაზიაში შესვლის გადასახადი… თუმცა, ბევრი პრობლემაა ისეთი, რომელსაც შეიძლება მცირე კონტრიბუცია ჰქონდეს საბოლოო ჯამში ფასში.
ყველაზე დიდი საკითხი, ჩვენი დაკვირვებით, ეს არის ე.წ. ქეშბექები, რეტრო ბონუსები. ქეშბექი არის ის გადასახადი, რომელსაც დისტრიბუტორი იხდის რითეილში რეალიზებული პროდუქციისთვის.. ჰიპოთეტურად, თუ მან გაყიდა 100 ლარის პროდუქცია საერთო ჯამში, მიწოდებულიო სასაქონლო ზედნადები იქნება თუ ანგარიშფაქტურა, აქედან თუ კონკრეტულ პროდუქტზე გვაქვს 30% -იანი ქეშბექი, 30% უნდა დაუბრუნოს რითეილს დისტრიბუციამ. შესაბამისად, დისტრიბუციაც არის მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესი და გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულების მიხედვით, ეს ქეშბექი შემდეგ მას დასაბრუნებელი აქვს, მისაწოდებელ ფასში უკვე ითვალისწინებს აღნიშნულ გადასახადს. საბოლოო ჯამში, პროდუქცია მიწოდების დონეზე ძვირდება რითეილში.
არიან სუპერმარკეტები, რომლებსაც აქვთ ძალიან მაღალი ქეშბექი, მაგრამ არიან ისეთი ქსელებიც, რომლებსაც აქვთ სამჯერ ნაკლები და საცალო ბაზარზე პროდუქცია მაინც ერთი და იგივე ფასად იყიდება მეტ-ნაკლებად. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ქეშბექს დავარქმევთ სუპერმარკეტის ბექ მარჟას და გვაქვს ფრონტ მარჟაც, პროდუქციაზე ნამატი ფასი, სწორედ მათი ჯამი ქმნის სუპერმარკეტის საბოლოო ფასნამატს. ფასნამატის ჯამი შეიძლება მეტ-ნაკლებად ერთნაირი იყოს, მაგრამ ზოგიერთს ქეშბექის დონეზე აქვს ეს ღირებულება მიღებული, ზოგს კი პირდაპირ ფასნამატი აქვს. ტენდენცია არასახარბიელოა, ეს გადასახადები ბოლო წლების განმავლობაში შეუქცევადად იზრდება. ზრდა კი იწვევს იმას, რომ საბოლოო ჯამში, პროდუქცია ძვირდება მომხმარებლებისთვის.
მაგალითად, თუ ქეშბექი არის სადისტრიბუციო ფასის 30%, ის 30%-ით გააძვირებს პროდუქციას დახლებზე. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, საბოლოო ჯამში, ეს არის ტერმინოლოგიური შეფუთვა, რითეილი ქეშბექიდან მიიღებს ფასნამატს თუ უკვე მიტანილ პროდუქციას დაამატებს ფასს და გამოიტანს საცალო ბაზარზე, ეს ერთი და იგივე სურათს გვაძლევს საბოლოო ჯამში. ამ ურთიერთობის შედეგად, საკმაოდ მზარდი ფასნამატის მიღება ხდება რითეილის მხრიდან. რითეილი პასუხობს ამას იმით, რომ ბევრი მიზეზის აქვს, ბევრი დანახარჯი აქვს და ა.შ. თუმცა ფინანსური ანგარიშგებებიც საჯაროა ამ კომპანიების და ნებისმიერ დაინტერესებულ მზარეს შეუძლია გადახედოს“, – განაცხადა გიორგი ქედელიძემ.
მისივე თქმით, კანონმდებლობის მიხედვით, ბაზრის საცალო დონეზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ ფიქსირდება, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით, თუმცა, პრაქტიკაში ვხედავთ, რომ თამაშის წესებს სწორედ რითეილი ადგენს.
„შეგვიძლია ასეც ვთქვათ, რომ თამაშის წესებს ადგენს რითეილი, მაგრამ ერთია, ზოგადად თეორიულად რას ვიტყვით და მეორე საკითხია, როგორ უდგება ამ საკითხს კანონმდებლობა. კანონმდებლობის მიხედვით, ჩვენ რომ ამგვარი საბაზრო ძალაუფლების მქონედ ჩავთვალოთ კონკრეტული კომპანია, მას ბაზარზე უნდა ჰქონდეს სულ მცირე 40%, ან სამ კომპანიას უნდა ჰქონდეს ჯამურად 50 პროცენტი და არცერთს 15%. ანუ დომინანტობის და ჯგუფური დომინანტობის მოცემულობაა კანონმდებლობის დონეზე.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბაზარზე გამსხვილებები შეინიშნება, ამგვარი პროცენტული მაჩვენებლები არ გვაქვს. რომ გვქონდეს კანონმდებლობის გაგებით ამგვარი ძალაუფლების მქონე კომპანია ბაზარზე. მაშინ კანონის რეგულირების სფეროს ქვეშ მოექცეოდა მე-6 მუხლში და კანონმდებლობის მიხედვით, მათ ექნებოდათ კონკრეტული ვალდებულებების შესრულება ან კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება აეკრძალებოდათ, თუ გვექნებოდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ქეისები. ამიტომ არის ეს საკითხი პრობლემური. დღეს ჩვენს ქვეყანაში და არამარტო ჩვენს ქვეყანაში, დომინანტური მდგომარეობა ან კანონის გაგებით საბაზრო ძალაუფლება როგორც არის განმარტებული, ეს ძალაუფლება კანონის მიხედვით რითეილს არ აქვს, მაგრამ პრაქტიკულად ჩვენ ვხედავთ რომ აქვს“ – განაცხადა გიორგი ქედელიძემ.
ინფორმაციისთვის, კონკურენციის სააგენტოს ბოლო კვლევის მიხედვით, პროდუქტების უმრავლესობაზე ქეშბექის დინამიკა მზარდია (მაგალითად – წყალი 0.5 ლიტრის შემთხვევაში 22%-დან 33%-მდე, კვერცხი 10ც. 20%-დან 24%-მდე, მზესუმზირის ზეთი 1 ლიტრი 8%-დან 15%-მდე, კარაქი 200გ (82%) 25%-დან 34%-მდე, რძე (1ლ) და მაწონი (400 გრ) 14%-დან 25%-მდე.
bpn.ge




