რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა საუბრობს ევროკავშირის „დესტრუქციულ პოლიტიკაზე“ სამხრეთ კავკასიაში და ამბობს, რომ ბრიუსელი საქართველოს „სუვერენიტეტის დაცვის მცდელობისთვის“ სჯის.
იმის “მაგალითად”, რომ ქართული ოპოზიცია დირექტივებს ბრიუსელისგან იღებს, მარია ზახაროვამ მოიყვანა თავდაპირველად „პრაიმტაიმის“ მიერ გავრცელებული და შემდეგ, სხვა პროსახელისუფლებო მედიისა და „ქართული ოცნების“ მიერ ფართოდ ატაცებული, დაუსაბუთებელი წერილი, თითქოს აქტივისტებს 28 ნოემბერს აქციის ანონსის ტექსტი ბრიუსელიდან გამოუგზავნეს.
„ჩვენ მივაქციეთ ყურადღება ქართული მედიის მიერ 13 ნოემბერს, 15:00 საათზე გამოქვეყნებულ „ევროკავშირის მაღალჩინოსნის“ წერილის ასლს ანტისამთავრობო განცხადების ტექსტით, რომელიც ვითომ საქართველოს ინტერესებზე მზრუნველ თავისუფლებისმოყვარე მოქალაქეებს უნდა გაეჟღერებინათ მორიგ მიტინგზე. აქედან უკვე 10 წუთში, პარლამენტის შენობის წინ, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ბრიუსელიდან მიღებული ტექსტი ქართულ ენაზე სიტყვა-სიტყვით წაიკითხა. ეს „მარიონეტების მმართველების“ საკითხისთვის და იმის შესახებ, თუ რატომ იწვევს მესამე ქვეყნების კანონები „უცხოური აგენტების“ შესახებ ევროკავშირელების განრისხებას. იმიტომ, რომ ისინი ამხელენ სხვა სახელმწიფოების სივრცეში ევროკავშირელებისა და ნატოელების მოქმედების მექანიზმს, რისი უფლებაც მათ არ აქვთ“, — განაცხადა მარია ზახაროვამ 20 ნოემბრის პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, დასავლეთიდან ქართველებს „ხელებს უგრეხენ“ არა ვიღაცასთან კოალიციის ან ვინმეს მხარდაჭერისთვის, არამედ „მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყნის შიგნით ამ სახელმწიფოს ხალხმა გადაწყვიტა საკუთარი კანონებით იცხოვროს“.
„ამასთან, პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც დასავლურ ინტერესებს ატარებენ, ყველაფრის უფლება აქვთ. რა თქმა უნდა, დიდი ფულის სანაცვლოდ, რომელსაც მათ გადასცემენ. მთლიანობაში, საქართველოს თავს რაც ხდება, მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა: რაც უფრო მეტ დათმობაზე მიდის ქვეყანა დასავლეთთან, მით უფრო ეზრდება მას მადა“, — დასძინა ზახაროვამ.
ცნობისთვის, 13 ნოემბერს, 15:00 საათზე, „პრაიმ ტაიმმა” გაავრცელა ინგლისურენოვანი ტექსტი იმ განცხადებისა, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე წაიკითხეს და რომლითაც, 28 ნოემბერს — კობახიძის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების უარყოფის განცხადების ერთ წლისთავზე — აქცია დააანონსეს. გამოცემა ამტკიცებდა, რომ ბრიუსელიდან მიაწოდეს „დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს.”
„პრაიმ ტაიმის“ მიერ გამოქვეყნებული წერილს არც ხელმომწერი ჰყავს, არც ლოგო აქვს, არც — ბეჭედი, არც გამოგზავნის თარიღი და არაფერი ადასტურებს, რომ ბრიუსელიდან გამოგზავნილი წერილია და არა, მაგალითად, თბილისში, ვორდის ფაილში ინგლისურად აკრეფილი ტექსტი.
თუმცა ამის საფუძველზე სხვა სახელისუფლებო მედიები და ქართული ოცნება“ ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციები ევროკავშირისგან იღებენ დავალებებს, რომელშიც ერთი სიტყვის შეცვლაც არ ძალუძთ.
პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა „პრაიმ ტაიმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაცია უარყვეს და თქვეს, რომ განცხადებაზე არაერთი ადამიანი მუშაობდა, არაერთ ჩატში გაზიარდა და როგორც ჩანს, სუს-ს ხელში ჩაუვარდა და ინგლისურად ითარგმნა.




