კალაძე ძაძამიაზე: პირადი გადაწყვეტილებაა, ამ ახალგაზრდა ადამიანმა უამრავი შეურაცხყოფა მიიღო

ქართული ოცნების მერი ამბობს, რომ ლუკა ძაძამიამ საკრებულო პირადი გადაწყვეტილებით დატოვა და მუშაობას კერძო სექტორში გააგრძელებს. ძაძამიას მიერ საკრებულოს დატოვებაზე დოკუმენტი 20 ნოემბერს ტელეკომპანია პირველმა გამოაქვეყნა.
“ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ამ ახალგაზრდა ადამიანმა უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში. ის აპირებს, მუშაობა კერძო სექტორში განაგრძოს. ის ქართული ოცნების მხარდამჭერია. გუშინ გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, თავად გააკეთებს განმარტებას”- ამბობს კალაძე.
ლუკა ძაძამია 2023-2024 წლებში პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე იყო. შემდეგ კი, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კახა კალაძის საკრებულოს სიაში მოხვდა.
ჟურნალისტებმა კალაძეს ჰკითხეს, ძაძამიას წასვლა ხომ არ უკავშირდება წარსულში აქციებში მის მონაწილეობას, მან თქვა:

“ყველას გვეშლება ცხოვრებაში, ის ახალგაზრდაა, მან გააკეთა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, რომ დაუშვა შეცდომა. მის აწმყოზე ყველაფერი გასაგები იყო, მომავლზე – თვითონ ისაუბრებს. არანაირი პრეტენზიები მის მიმართ ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან არ ყოფილა”- თქვა კალაძემ.