კახა კალაძის თქმით, ლუკა ძაძამია კერძო სექტორში გააგრძელებს მუშაობას

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ადასტურებს, რომ საკრებულოში მანდატს ტოვებს მათი პარტიიდან არჩეული ლუკა ძაძამია. მისი თქმით, განმარტებებს ის თავად გააკეთებს.
„უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ამ ახალგაზრდა ადამიანმა ბოლო თვეების განმავლობაში და არის მისი გადაწყვეტილება, მუშაობა გააგრძელოს კერძო სექტორში, კერძო მიმართულებით… ის არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, მან მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. ყველა მოცემულობიდან გამომდინარე, ყველა ინტერესის გათვალისწინებით მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება“, – განაცხადა მ.
თბილისის მერს ჰკითხეს, უკავშირდებოდა თუ არა ლუკა ძაძამიას გადაწყვეტილება წარსულში ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობას.
„ყველას გვეშლება ცხოვრებაში. შეუცდომელი არავინაა. არც თქვენ, არც მე და არავინ. ყველას გვაქვს შეცდომა დაშვებული, მით უმეტეს, როცა ხარ ახალგაზრდა. მან გააკეთა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, რომ დაუშვა შეცდომა. შესაბამისად, ახსნა-განმარტება გაკეთებული იყო მის ქმედებებთან, მის აწმყოსთან დაკავშირებით“, – უპასუხა კალაძემ.
ლუკა ძაძამია თვეების წინ იმ პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე იყო, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აპროტესტებდა, შემდეგ კი ამავე პარტიის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების სიაში აღმოჩნდა. მედიის მხრიდან მის მიმართ მომეტებული ყურადღების მიზეზი სწორედ ეს ფაქტია.
გუშინ, 20 ნოემბერს, „TV პირველმა“ გაავრცელა ლუკა ძაძამიას წერილის ასლი, რომლითაც ის ითხოვს, შეუწყდეს უფლებამოსილება თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოში.
„გაცნობებთ, რომ ვტოვებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის #8 მოწვევის საკრებულოს შემადგენლობას სხვა სამსახურში საქმიანობის გაგრძელების მიზნით.
გთხოვთ, განახორციელოთ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, – წერია განცხადებაში.
21 წლის იურისტი ლუკა ძაძამია თბილისის მერმა და “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საკრებულოს პროპორციული სიის მე-18 ნომრად წარადგინა.
კალაძემ პროპორციული სიის ოცეულის წარდგენისას ლუკა ძაძამია ასე დაახასიათა: “ლუკა ძაძამია – ლუკაც ჩვენი გუნდის ახალგაზრდა წევრია, სამართალმცოდნე, სამგზის სახელმწიფო სტიპენდიანტი. მას აქვს გავლილი კარგი იურიდიული პრაქტიკა სხვადასხვა იურიდიულ კომპანიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციაში. ფლობს რამდენიმე უცხო ენას, მიღებული აქვს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჯილდო. წარმატებებს ვუსურვებ მას”.
ფორუმი