Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორის შეფასებით, “ზანგეზურის დერეფანი” ნაკლებად იქნება შუა სატრანსპორტო დერეფნის უშუალო კონკურენტი და ის უფრო მეტად შემავსებელი იქნება.
საქმე ისაა, რომ “ზანგეზურის დერეფანი” როგორც მას აზერბაიჯანი უწოდებს შესაძლოა, 2028 წლისთვის გაიხსნას. ეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყაზახეთის პრეზიდენტთან ყასიმ-ჟომართ თოყაევთან ოქტომბერში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა BMG-ის განუცხადა, შუა დერეფნის მთავარ კონკურენტად კვლავ რჩება ჩრდილოეთზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი.
“დღეს შუა დერეფნის პოტენციალი მხოლოდ სანახევროდაა ათვისებული. “ზანგეზურის დერეფანს” არ ექნება შავ ზღვაზე გასასვლელი, მას არ გააჩნია მულტიმოდალურობა. ჩვენი კონკურენტი იყო და არის ჩრდილოეთ დერეფანი. ჩვენ უფრო ვფიქრობდით, მას როგორ ვაჯობოთ, ვიდრე ზანგეზურს. ზანგეზურზე თუ წამოვა ტვირთები, ის ტვირთები პარალელურად წავა საქართველოს გავლითაც. ამიტომ ის ნაკლებადაა ჩვენი კონკურენტი, ის უფრო შემავსებელია. ჩვენი კონკურენტი არის დღეს ჩრდილოეთი, სადაც ტვირთების უფრო დიდი წილი, ალბათ ხუთჯერ მეტი [ვიდრე შუა დერეფანზე]”, – განაცხადა მიხეილ ნამადოვმა.




