საკრებულოში ხვალ გააკეთებენ კომენტარს ლუკა ძაძამიას მიერ მანდატის დატოვებაზე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხვალ, 21 ნოემბერს, გააკეთებენ კომენტარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ლუკა ძაძამიამ სადეპუტატო მანდატი დატოვა. „TV პირველი“ აქვეყნებს თანამდებობის დატოვების შესახებ მისი განცხადების ფოტოსაც.
„გაცნობებთ, რომ ვტოვებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის #8 მოწვევის საკრებულოს შემადგენლობას სხვა სამსახურში საქმიანობის გაგრძელების მიზნით.
გთხოვთ, განახორციელოთ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, – წერია განცხადებაში.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს თბილისის საკრებულოში. გურამ ნიკოლაიშვილმა თქვა, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი. კონსტანტინე ზარნაძის წარმომადგენელი კი დეტალების გარკვევაში დახმარებას დაგვპირდა.
ლუკა ძაძამია თვეების წინ იმ პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე იყო, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აპროტესტებდა, რამდენიმე თვეში კი ის ამავე პარტიის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების სიაში აღმოჩნდა. მედიის მხრიდან მის მიმართ მომეტებული ყურადღების მიზეზი სწორედ ეს ფაქტია.
21 წლის იურისტი ლუკა ძაძამია თბილისის მერმა და “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა მ საკრებულოს პროპორციული სიის მე-18 ნომრად წარადგინა.
კალაძემ პროპორციული სიის ოცეულის წარდგენისას ლუკა ძაძამია ასე დაახასიათა: “ლუკა ძაძამია – ლუკაც ჩვენი გუნდის ახალგაზრდა წევრია, სამართალმცოდნე, სამგზის სახელმწიფო სტიპენდიანტი. მას აქვს გავლილი კარგი იურიდიული პრაქტიკა სხვადასხვა იურიდიულ კომპანიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციაში. ფლობს რამდენიმე უცხო ენას, მიღებული აქვს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჯილდო. წარმატებებს ვუსურვებ მას”.
ფორუმი