გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველების შესახებ, მერი ლავლორი საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე ზეწოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა დამცველების საკითხებში და გაეროს სხვა ექსპერტებმა საქართველოს მთავრობისთვის 24 ივლისს კომუნიკაცია გაუგზავნეს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ.
„სპეციალური მანდატის მქონე პირებმა მანამდეც გამოხატეს შეშფოთება საქართველოში უფლებადამცველების დაშინების ფაქტებზე, მათ შორის „უცხოელი აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების მიმართ. ამ დრომდე აღნიშნულ კომუნიკაციაზე მთავრობისგან პასუხი არ მიგვიღია.
სპეციალური მანდატის მქონე პირებმა ასევე მანამდე გამოხატეს შეშფოთება პარლამენტში ე.წ. „უცხოელი აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირებისა და შემდგომი მიღების გამო. კომუნიკაცია ასევე შეეხო საქართველოში მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტების ბრალდებებს, რომლებიც კანონის ხელახალი ინიციირებისა და შემდგომი მიღების წინააღმდეგ აპროტესტებდნენ. ამ დრომდე აღნიშნულ კომუნიკაციაზე მთავრობისგან პასუხი არ მიგვიღია“, – ნათქვამია განცხადებაში.
გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ეხმაურება ადამიანის უფლებათა დამცველების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების დაჯარიმებას სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე დაწერილი პოსტების გამო. მათ შორის ყურადღებას ამახვილებს ქალთა უფლებადამცველის, ბაია პატარაიას დაჯარიმების შემთხვევაზე, რომელსაც Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო მარიამ ლაშხმა, თეა წულუკიანმა და მამუკა მდინარაძემ უჩივლეს და ის 4 ათასი ლარით დააჯარიმეს.
გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ასევე ყურადღებას ამახვილებს ანტიკორუფციულმა ბიურომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, მედიის განვითარების ფონდის, „საფარის“, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრსა და საქართველოს მომავლის აკადემიის მიმართ მონიტორინგის დაწყებაზე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს „როგორც ჩანს, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ახლად მიღებული საკანონმდებლო აქტების პირველი გამოყენებაა“.
„[მთავრობასთან] კომუნიკაციაში ჩვენ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახლად შემოღებული 173-ე მუხლის გამოყენების გამო [ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის “სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება”, როდესაც ეს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება] , რათა მოხდეს უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების კრიმინალიზაცია და დასჯა სოციალურ მედიაში, მათ შორის Facebook-ზე განთავსებული პოსტებისთვის.
აღვნიშნავთ, რომ, დადასტურების შემთხვევაში, ამ ბრალდებებმა შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიოს ადამიანის უფლებათა ნორმებსა და სტანდარტებს, რომლებიც გათვალისწინებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით (ICCPR), რომელსაც საქართველო 1994 წლის 3 მაისს შეუერთდა, განსაკუთრებით პაქტის მე-19 მუხლში გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლების უფლებას. შეგახსენებთ, რომ ასეთი უფლება მოიცავს პოლიტიკურ დისკურსსა და კომენტარებს საზოგადოებრივ საქმეებზე და მისი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ ICCPR-ის 19(3) და 20 მუხლებში საგულდაგულოდ გაწერილი შეზღუდვების ფარგლებში. აღვნიშნავთ, რომ ზემოთ მოყვანილი ბრალდებები, როგორც ჩანს, არ ექცევა საერთაშორისო სამართლით დაშვებული ამ შეზღუდვებიდან არცერთის ქვეშ“, – ნათქვამია განცხადებაში.




