„საქართველო აფხაზური საზოგადოების საერთაშორისო იზოლაციის კურსს აგრძელებს“
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ოდისევს ბიგვავამ განაცხადა, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკა არ არის ევროპის საბჭოს წევრი და შესაბამისად, არ აკეთებს კომენტარს მისი შიდა დოკუმენტებზე“. მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ოფიციალური თბილისი „სცდილობს გამოიყენოს ნებისმიერი საერთაშორისო პლატფორმა აშკარად რუსოფობიური და ანტიაფხაზური დღის წესრიგის გასავრცელებლად“, რაც, მისი შეფასებით, აისახა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 32-ე კონსოლიდირებულ ანგარიშში.
ბიგვავას თქმით აფხაზეთის მოხსენიება„ოკუპირებულ ტერიტორიად“ „არ შეესაბამება სინამდვილეს და უგულებელყოფს ისტორიულ და პოლიტიკურ რეალიებს“.
მისი თქმით, აფხაზეთი არის „სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო“, რომლის თვითგამორკვევის ნება „მრავალჯერ იქნა დადასტურებული რეფერენდუმებზე, ხოლო 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა „საბოლოო პოლიტიკური და სამართლებრივი წერტილი დასვა აფხაზეთის სტატუსის საკითხზე“.
დე ფაქტო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველო „აგრძელებს კურსს აფხაზური საზოგადოების საერთაშორისო იზოლაციისკენ და ბლოკავს მის წარმომადგენლობას საერთაშორისო ასპარეზზე“. მისი თქმით, აფხაზური მხარე კვლავ უჭერს მხარს დეესკალაციას, სთავაზობს თბილისს პრაქტიკულ თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამხედრო მოქმედებების განახლებისგან თავის შეკავების გარანტიები და ჰუმანიტარული საკითხები.
ბიგვავას შეფასებით, „კონტრპროდუქტიულია მცდელობა, ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენილ იქნას რუსეთი – რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი“.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობა უზრუნველყოფს აფხაზეთის „სტაბილურ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას და წინსვლას“, რასაც განამტკიცებს მიმდინარე და მომავალში დაგეგმილი ერთობლივი პროგრამები.
უწყება ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება მიაქციოს „აფხაზური მხარის რეალურ ძალისხმევას კეთილდღეობისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის, რომელიც მზად არის თანასწორი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგისთვის ნებისმიერ საერთაშორისო პარტნიორთან“.




