ანატოლი გიგაურისთვის მისჯილი 2-წლიანი პატიმრობა სააპელაციომ ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ანატოლი გიგაურისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯის შესახებ. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.
გიგაური, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ, 12 აგვისტოს, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, კვლავ ციხეში რჩება.
ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეს: ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ნაჭყებიას უდანაშაულოდ ცნობას და მის გათავისუფლებას მოითხოვდა, პროკურორი თამარ იაკობიძე კი მის დასჯას თავდაპირველად წარდგენილი – პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტი, თამთა კახიძე, რომელიც სხდომას ესწრებოდა, ავრცელებს გიგაურის სიტყვას:
“ჩემი ცხოვრების წესი არის, ვიყო ღირსეული და თავდადებული. ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის […] ჩემი მოტივი არ იყო პოლიციელზე თავდასხმა. ეს რომ ყოფილიყო, გაბუნიას რატომ დავარტყამდი მაინცადამაინც?! ჩანს რომ სხვებს კანონმორჩილად ვემორჩილები. […] სანამ ცოცხალი ვარ არ გავჩერდები. სანამ ყველა ადამიანი, ვინც ეს სიმწარე ჩემს ოჯახს ანახა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცემა, არ გავჩერდები. თქვენ ხართ სისტემისთვის ვედროში წყალი, მე ნიავი ვარ და შემიძლია ეგეც ამოვაშრო. მე სიცოცხლე არ დამიშურებია ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ერისთვის. ზუსტად მაგიტომ მოვედი ამ პოლიტიკაშიც და ვიარე კარდაკარ, რომ გამეგო, რა სჭირდებოდა ჩემს ხალხს […] ეს არის პოლიტიკური საქმე. გინდა ასე გადაწყვიტეთ, გინდა ისე. მე ვიცი რომ ძლიერი ვარ ქვასავით, მართალი ვარ. ჩემ სიმართლეს, დრო მოვა და ვაზეიმებ. ეს თუ არ გავაკეთო მე კაცი არ ვიყო. ჩემს უკან იმდენი ხალხი დგას, ვისი სიყვარული და ნდომა დავიმსახურე, ვერც ვუღალატებ”, – განაცხადა ანატოლი გიგაურმა.
ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, 45 წლის ანატოლი გიაური 2024 წლის 25 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე. პროკურატურა მას პოლიციელ ვახტანგ გაბუნიაზე თავდასხმას – მისთვის მუშტის მოქნევას ედავება. დაცვის მხარის პოზიციაა, რომ გიგაურის მიზანი პოლიციელის დაზიანება არ ყოფილა და მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. შესაბამისად, სრულად უნდა გამართლებულიყო.
გიგაური ადასტურებს ფაქტს, რომ ხელი ჰკრა პოლიციელ ვახტანგ გაბუნიას, მაგრამ ამბობს, რომ ეს იყო თავდაცვა. კადრებში, რომლებიც სასამართლომ გამოიკვლია, ჩანს, რომ საპროტესტო აქციაზე თავდაპირველად სწორედ პოლიციელმა გაბუნიამ დაარტყა მუშტი გიგაურს. ის ამბობს, რომ დარტყმის დროს პოლიციელმა შეაგინა კიდეც. ანატოლი გიგაური ირწმუნება, რომ პოლიციელი ვახტანგ გაბუნია მეორედ აპირებდა მისთვის მუშტის დარტყმას, ამიტომ მოსაგერიებლად ხელი აუქნია, რომელიც პოლიციელს ქურთუკზე, კისრის მიდამოში მოხვდა.
გარდა ამისა, გიგაურის თქმით, პოლიციელმა ვახტანგ გაბუნიამ არა მხოლოდ აქციაზე, არამედ დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაშიც იძალადა მასზე. გიგაურის თქმით, ის სცემეს უშუალოდ დაკავების დროსაც. როგორც ის ჰყვება, განყოფილებაში მისვლამდე პოლიციელები ცდილობდნენ მისთვის სისხლდენის შეჩერებას, რადგან არ უნდოდათ, სისხლიანი შეეყვანათ შენობაში. განყოფილების ეზოში მისულები უკან გამობრუნდნენ, მიიყვანეს ახლომდებარე აფთიაქთან, იყიდეს პირველადი დახმარებისთვის საჭირო ნივთები, სისხლდენა შეუჩერეს და მხოლოდ ამის შემდეგ დააბრუნეს განყოფილებაში.
პოლიციელების მხრიდან გიგაურზე ძალადობის საქმეს იძიებდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც 2025 წლის ზაფხულში გაუქმდა, მისი ფუნქციები კი პროკურატურამ შეითავსა. უწყებას ამ დრომდე არ წარუდგენია ბრალი გიგაურის საქმის ფიგურანტი არცერთი პოლიციელისთვის.