ეს არის თამაში, რაშიც სახელმწიფო და ე.წ. იუსტიციის სამინისტრო მონაწილეობს. ამ დოკუმენტების ვერანაირი დახარვეზება ვერ გააჩენს განცდას, თითქოს სახელმწიფო უწყებები საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს იცავენ, – ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრმა Eagle Hills-ს ამონაწერის მომზადებაზე უარი უთხრა და 30-დღიანი ვადა მისცა.
მისივე თქმით, საჯარო რეესტრი დაუხარვეზებს თუ არ დაუხარვეზებს რაიმე ტიპის დოკუმენტს არაბულ კომპანიას, ეს არაფერს ცვლის.
„ფაქტი არის ერთი- 6,5 მლრდ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება არის გასაიდუმლოებული იმ ხელისუფლების მიერ, რომელიც კორუფციაშია ბრალდებული და ყველა შტოს თანამდებობის პირი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, ბრალდებული დღევანდელი სასამართლო სისტემის პირობებშიც კი. შესაბამისად, საჯარო რეესტრი დაუხარვეზებს თუ არ დაუხარვეზებს რაიმე ტიპის დოკუმენტს არაბულ კომპანიას, ეს არაფერს ცვლის. ეს არის ტყუილი და პროპაგანდისთვის კიდევ ერთი საკენკი იმისთვის, რომ წარმოაჩინონ, თითქოს ისინი იცავენ რაიმე ტიპის სტანდარტს და სამოქალაქო ინტერესს“, -განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცნობისთვის, საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე, ასევე ამონაწერის განახლებაზე უარი უთხრა და კომპანიას 30-დღიანი ვადა მისცა, რომ დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს.




