კალაძემ, ნაცვლად ტალახის სროლისა, უნდა ახსნას, თვეებით რატომ გადაიდო წერეთლის გამზირის გახსნა, რატომ შეწყვიტა მერიამ კონტრაქტი სამუშაოების დასრულებამდე მხოლოდ 2 კვირით ადრე და რატომ ატყუებდა საზოგადოებას თითქმის ერთი წელი, რომ რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით მიდიოდა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციის წევრი ირაკლი ეძგვერაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, „კახა კალაძე არის მატყუარა, როცა ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამზირის რეაბილიტაციის წინააღმდეგია“.
„კახა კალაძე არის მატყუარა. დღეს მან წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე საუბრისას თქვა, თითქოს ჩვენ რეაბილიტაციის წინააღმდეგი ვართ. კახა, ჩვენ “გუთენტრაკენის” მეთოდით ქალაქის გადათხრის და “ატკატების” წინააღმდეგი ვართ. კალაძემ, ნაცვლად ტალახის სროლისა, უნდა ახსნას, თვეებით რატომ გადაიდო წერეთლის გამზირის გახსნა, რატომ შეწყვიტა მერიამ კონტრაქტი სამუშაოების დასრულებამდე მხოლოდ 2 კვირით ადრე და რატომ ატყუებდა საზოგადოებას თითქმის ერთი წელი, რომ რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით მიდიოდა. არჩევნები ახსენა და კარგად იცოდეს კალაძემ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გამზირების რეაბილიტაციაც მოხდება, სარეკრეაციო სივრცეებიც შეიქმნება, სატრანსპორტო პოლიტიკაც გამოსწორდება, მაგრამ, პირველ რიგში, კალაძის კორუფციული სისტემა დაინგრევა და ბევრი აგებს პასუხს გაჭირვებული ხალხის ფულის მითვისებისთვის“, – წერს ირაკლი ეძგვერაძე სოციალურ ქსელში.
აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.