გარედან თავს მოხვევით, გარედან ორგანიზებული და ანგაჟირებული პროტესტის შედეგად მოგვიწია, რომ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გავსულიყავით და ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებისთვისაც კი მოგვეწერა ხელი, რაც კონსტიტუციიდან გადახვევა იყო – ახლა გვაქვს შესაძლებლობა იმისა, კონსტიტუციის ჩარჩოებში დავბრუნდეთ! – ამ არგუმენტით ახსნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ პარლამენტში წარდგენილი ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და ანტიკორუფციული ბიურო უქმდება და მათი ფუნქციები აუდიტის სამსახურის კომპეტენციაში გადადის.
არჩილ გორდულაძის შეფასებით, აღნიშნული უწყებების შექმნა კონსტიტუციური ჩარჩოდან გადახვევა იყო.
„კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრულია ხელისუფლების დანაწილების შტოები, მაგრამ გარედან მიღებული „რჩევებისა“ და „რეკომენდაციების“ შედეგად გვაქვს მოცემულობა, როცა ცალკე იქნა გამოყოფილი ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც რეალურად საჯარო მოხელეების დეკლარაციების კონტროლის ფუნქცია აქვს.
კორუფციასთან ბრძოლა, პირველ რიგში, პრევენციით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამავდროულად, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში წინა ფლანგზე დგას მთავრობა, პროკურატურა, ფინანსური პოლიცია, აუდიტის სამსახური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი.
თუ გარედან მიღებულ რჩევებს დავუჯერებდით, ამ ორგანოების ფუნქციებიც ანტიკორუფციულ ბიუროს უნდა გადასცემოდა, რაც არ მოხდა“, – განაცხადა გორდულაძემ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.




