ლევან მახაშვილი – დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი გამოეყოთ – ეს არის საბაბი, საბავშვო ბაღია, რაც ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ

ეს დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი [გამოეყოთ], სადაც ამ დელეგაციას მიიღებდნენ – ეს არის საბაბი იმისა, რომ ეს შეხვედრა ჩაეშალათ, თორემ დღესაც მზად ვართ ნებისმიერ დროს და ადგილზე დიალოგისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გაუქმების თაობაზე ბრიუსელის გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, საბავშვო ბაღია ის ქმედება და საქციელი, რაც 21 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ.
როგორც მახაშვილმა აღნიშნა, დიალოგის მაგიდის აყირავება მკაფიო გზავნილია იმისა, რომ ბრიუსელში დღეს ესკალაციის მომხრე უფრო ბევრია, ვიდრე დიალოგის.
„ბრიუსელისგან რა ნათელი მესიჯიც მივიღეთ არის, რომ ისინი დიალოგის მაგიდას გაურბიან. დიალოგის მაგიდის აყირავება მკაფიო გზავნილია იმისა, რომ როგორც ჩანს, ბრიუსელში დღეს ესკალაციის მომხრე უფრო ბევრია, ვიდრე დიალოგის…
საუბარია წევრი სახელმწიფოების დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებზე, რომ თავად საკუთარ ტერიტორიაზე ვინმეს გადაადგილება შეუზღუდონ. მაშინ, როცა ვხედავთ, ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქი როგორი დიდი ზარზეიმით უგებს წითელ ხალიჩას კაციჭამიებს და ტერორისტებს, ამის ფონზე ღიმილის მომგვრელია ბრიუსელის ასეთი განმარტება. რასაც ვხედავთ, არის საბავშვო ბაღი – საქართველო ვერ იქნება საბავშვო ბაღის აღმზრდელი, როცა მათი მხრიდან ასეთ საბავშვო ქმედებებს ვხედავთ. თუ მართლა არის დიალოგის მოლოდინი, ჩვენ მზად ვართ 21 ნოემბერს კი არა, 1-ელ დეკემბერს, ბრიუსელში კი არა საქართველოში ნებისმიერი ადგილი, დრო და საათი დაასახელონ – ნებისმიერ ადგილზე ჩავალთ. თუ არ შეუძლიათ ზოგიერთი წარმომადგენელი თავიანთ ქვეყანაში მიიღონ, სადაც მიიღებენ იქ ჩავალთ, თუ იქ არ უნდათ, აქ ჩამოვიდნენ. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ამ დიალოგისთვის – დაახლოებით 6 თვე ამ შეხვედრისთვის ვემზადებოდით. ორი დღით ადრე ამ მაგიდის აყირავება არის პირდაპირი გზავნილი ბრიუსელისგან, რომ დღეს ისინი დიალოგისთვის მზად არიან.
საბავშვო ბაღია ის ქმედება და საქციელი, რაც ჩვენ 21 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით ვნახეთ”, – აღნიშნა მახაშვილმა.
მისი თქმით, ბრიუსელში „გასეირნებას არავინ აპირებდა და საქართველოს დელეგაცია მიდიოდა იმისთვის, რომ მათ დასმულ კითხვებზე გაეცათ კონკრეტული პასუხი იმ ადამიანების მიერ, რომლებიც კურირებენ ამ საკითხს, ყველაზე მეტი ცოდნა აქვთ.”
„ეს დელეგაცია არ მიდიოდა ესტონეთში და ლიეტუვაში. ეს დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი [გამოეყოთ], სადაც ამ დელეგაციას მიიღებდნენ. ეს არის საბაბი იმისა, რომ ეს შეხვედრა ჩაეშალათ, თორემ დღესაც მზად ვართ ნებისმიერ დროს და ადგილზე დიალოგისთვის. ჩვენც გვქონდა ლეგიტიმური კითხვები და გვინდოდა ევროკავშირის პოზიციების მოსმენაც. თუმცა მათ გადაწყვიტეს, რომ საქართველომ საბავშვო ბაღის აღმზრდელის როლი ითამაშოს. ვერ ითამაშებს, საქართველოს სხვა გამოწვევები, ფუნქციები და ამოცანები აქვს. ჩვენ მზად ვართ კითხვებს პასუხი გავცეთ, თუ არ უნდათ, პასუხი მოისმინონ და რიგითი თანამშრომლიდან წაკითხული ტექსტი მოისმინონ, გავუგზავნით ამ წერილს. შეხვედრა სულ არ არის საჭირო. ეს არის ჩვეულებრივი საბაბი, რომ გაექცნენ დიალოგს”, – განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებისამებრ 2025 წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში იყო დაგეგმილი, ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო.