“რუსულმა ოცნებამ ემიგრანტებს გამოგვიცხადა, არჩევნებში თუ გინდათ მონაწილეობის მიღება, ნება იბოძეთ და აქ ჩამობრძანდითო. ფულის მეტი რა გაქვთო?”

რუსულმა ოცნებამ ემიგრანტებს გამოგვიცხადა, არჩევნებში თუ გინდათ მონაწილეობის მიღება, ნება იბოძეთ და აქ ჩამობრძანდითო. სულაც არ არის რთულიო, 4 წელში ერთხელ, როგორ ვერ უნდა ჩამოხვიდეთო?
ფულის მეტი რა გაქვთო? დაჯექით თვითმფრინავზე და ხელად აქ იქნებითო. მერე ისევ წაბრძანდით და მანდედან გააგრძელეთ ოჯახების შენახვა და საქართველოს ეკონომიკის განმტკიცებაო. აი ასეთი ტვინით მართავენ ქვეყანასაც.
ნეტავ საერთოდ თუ იციან პატივცემულმა ოცნების წარმომადგენლებმა, რამდენი ემიგრანტია, რომ 50 ევრო არ აქვს გვერდით გადადებული, იმიტომ რომ მარტო საკუთარ შვილებს, ნათესავებს და მშობლებს კი არა, სხვა გაჭირვებულ ადამიანებსაც ეხმარებიან.
ნეტავ თუ სმენიათ, რომ ბევრს გარეთ ორ ევროიანი ყავის დალევა არ ემეტება საკუთარი თავისთვის.
ნეტავ თუ იციან, რომ მშობლებს და ახლობელ ადამიანებს შორიდან გლოვობენ და ვერ მიდიან, რომ უკანასკნელ გზაზე გააცილონ.
ნეტავ თუ წარმოუდგენიათ რამდენი არალეგალია და რამდენს პროცესში აქვს საბუთები, ვისაც უფლება არ აქვს ქვეყნის დატოვების.
ნეტავ თუ სმენიათ ოდესმე, რა რთულია ქართველებისთვის, საბოლოო ლეგალიზაციის მოპოვება? დიახ, ქართველებისთვის თქო ვამბობ, რადგან სხვა არც ერთი ქვეყნის ემიგრანტს არ უწევს იმ ურთულესი გზის გავლა, რაც საქართველოს მოქალაქეებს.
და იცით რატომ? საემიგრაციოში ყველაზე ბოლოს რიგში ქართველებს ტოვებენ. რომ ვიკითხეთ ასე რატომ ხდებაო, იცით რა გვიპასუხეს?
,,თქვენი ქვეყნის ეკონომიკა ყვავისო და თქვენს მთავრობას მოჰკითხეთო. აქ კი მოთმინებით დაელოდეთ როდის დაგიძახებენო”. აი ასეა ჩვენი, ქართველი ემიგრანტების საქმე. საკუთარ ქვეყანაში ხომ არ დაგვედგომება, სხვაგანაც ხომ გვირთულებენ საქმეს, ეხლა ხმის უფლებასაც გვართმევენ. ცოტა ხანში ალბათ საქართველოს საზღვრებსაც ჩაგვიკეტავენ, უკვე ეგეც არ გამიკვირდება.
სპორტსმენებს და ხელოვანებს აღმერთებენ, იმიტომ რომ საქართველოს სახელი გააქვთ საზღვრებს გარეთ. (ასეც უნდა იყოს, მე მათ არ ვეხები). თუ იცის რუსულმა ოცნებამ, ემიგრანტების შესაძლებლობები ამ თემასთან დაკავშირებით? თუ იციან, თითოეული ემიგრანტი წლების მანძილზე რამდენ უცხოელს აცნობს საქართველოს?
მაგრამ ვერც ხედავენ და არც ძალუძთ. არ ჩანს ძვირადღირებული სათვალეებიდან, არ ჩანს ათეულობით ათასი დოლარის ღირებულების ავტომობილების ჩამუქებული მინებიდან. წარმოუდგენელია მილიონების მოხვეჭის მანიით შეპყრობილი ტვინებიდან ჩვენი განცდების დანახვა, შეუძლებელია…
ნატვრის უფლება ხომ მაქვს ხმის თუ არა? ღმერთო, ყველა ოცნების წევრი აქციე ემიგრანტად და ყველა ემიგრანტი დააბრუნე აყვავებულ საქართველოში, რა იქნება