ემიგრანტების გზავნილები რომ არა, 1 დოლარი 4-5 ლარი ეღირებოდა – ეკონომისტი

ემიგრანტების გზავნილები რომ არა, 1 დოლარი 4-5 ლარი ეღირებოდა – ეკონომისტი
ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვასა და მაკრო ეკონომიკაზე მათი „უნებური როლის“ შესახებ ეკონომისტმა ბესო ნამჩავაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.
როგორც ცნობილია, 2025 წლის მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა უკვე გადმორიცხეს დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი, ხოლო როგორც ბესო ნამჩავაძე მიიჩნევს, წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 3.5 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
„ზოგადად, ფულადი გზავნილები, საქართველოს შემოსავლების ერთ-ერთი უდიდესი წყაროა და ტურიზმის შემდეგ მეორე ადგილზეა. წელს 3.5 მილიონ დოლარს მიაღწევს, საიდანაც 99% ქართველი ემიგრანტების გამოგზავნილი თანხებია. ეს არის ასობით ათასი ქართული ოჯახის, ალბათ, ერთადერთი საარსებო წყარო. სწორედ ამ ხალხზე დგას არა მხოლოდ მათი ოჯახები, არამედ ქვეყნის მაკრო ეკონომიკაც. შესაძლოა, ვინც ფულს გზავნის, მაკრო ეკონომიკაზე არც ფიქრობდეს, მაგრამ უნდათ თუ არ უნდათ, ეკონომიკაზე გავლენას მაინც ახდენენ“, – აცხადებს ბესო ნამჩავაძე.
მისივე თქმით, რომ არა ემიგრანტების ფულადი გზავნილები, დღეს 1 დოლარი 2.7 ლარი ვერ ეღირებოდა და შესაძლოა, 4-5 ლარი ან მეტიც ღირდეს.
„იდეალური იქნებოდა, საქართველოში არსებობდეს სამუშაო ადგილები და ამ ხალხს აქედან წასვლა არ სჭირდებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთია რეალობა. ქვეყანაში ინვესტიციები შეიძლება შემოდიოდეს, ბევრი რაღაც ხდებოდეს, მაგრამ ამან უბრალო მოქალაქის ოჯახამდე არ მიაღწიოს. ემიგრანტების ეს გზავნილები კი პირდაპირ საშუალო და ღარიბ ოჯახებამდე მიდის“, – აცხადებს ბესო ნამჩავაძე.