ადვოკატები ლაშა ტყეშელაძე და დიმიტრი ვარდიაშვილი აცხადებენ, რომ გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებისთვის ვადაგასული საკვები მიაქვთ. ისინი სახალხო დამცველს რეაგირებისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ საკითხს შეისწავლის.
„გლდანის დაწესებულებაში პატიმრები ითხოვენ შველას, რადგან მათი საკვები არ შეესაბამება ნორმებს – მათი საჭმელი არ არის ვარგისი და სახალხო დამცველი დუმს… გლდანის ციხეში რატომ არ აინტერესებს რა ხდება, პატიმრები ყოველდღიურად ითხოვენ დახმარებას… იქ პატიმრების ნაწილს უწევთ ვადაგასული საჭმლის ჭამა“, – თქვა ლაშა ტყეშელაძემ.
ადვოკატები სახალხო დამცველთან შეხვედრასაც ითხოვდნენ.
„გვინდა პატიმრების გასაჭირი მივიტანოთ მის ყურამდე. უხერხულია, როდესაც სახალხო დამცველი, რომელიც ჩვენი, უფლებადამცველების კოლეგაა, არ გვხვდება და გვემალება“, – ამბობს ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი.
სახალხო დამცველის აპარატში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ საკითხზე მოგვიანებით გააკეთებენ განცხადებას. პენიტენციური სამსახური ინფორმირებულია ადვოკატების მიერ დასახელებული პრობლემის შესახებ, მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
საქართველოს კანონმდებლობით, საპატიმროებში პატიმრების კვების ვალდებულება პენიტენციურ სამსახურს აქვს, თუმცა არსებობს მაღაზიები, სადაც ბრალდებულსა და მსჯავრდადებულს სასურველი ნივთისა თუ პროდუქტის შეძენა შეუძლია.
ფორუმი




