ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში, ქალაქ სან-დიეგოს ფესტივალზე „San Diego Food + Wine Festival“ გაიმართა.
ღვინის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება მოიცავდა ქართული ღვინის პროფესიონალურ დეგუსტაციებსა და მასტერკლასს სახელწოდებით: „საქართველოს ღვინოები: უძველესი ფესვები, თანამედროვე არომატები“. ჯამში, ფესტივალზე წარდგენილი იყო სხვადასხვა კომპანიის 30-მდე დასახელების ღვინო.
ფესტივალი „San Diego Food + Wine Festival“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღონისძიებაა ღვინისა და კულინარიის სფეროში, რომელიც 2023 და 2024 წლებში გამოცემის „USA Today” მკითხველთა მიერ საუკეთესო ფესტივალად დასახელდა. ფესტივალზე, ღვინის ასეულობით მწარმოებლებთან ერთად, თავს იყრიან ცნობილი შეფ-მზარეულები, სომელიეები, ღვინის ექსპერტები, ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები და მომხმარებლები.
მომხმარებელზე ორიენტირებული მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და შემდგომში მასზე მოთხოვნის ზრდისთვის აშშ-ის სტრატეგიულ ბაზარზე.
აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან „Colangelo&Partners” თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში, ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის დეგუსტაცია-სემინარები იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ქართული ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოდგენილი იყო შემდეგ ღონისძიებებზე: ქართული ღვინის მასშტაბურ დეგუსტაციაზე „Wines of Georgia Grand Tasting“ (ლოს-ანჯელესი), ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე „Karakterre“ (ნიუ-იორკი), ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „Orange Glou Fair“ (ნიუ-იორკი), ქართული ქარვისფერი ღვინის პირველი ფესტივალზე „Amber Georgia” (ნიუ-იორკი), ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე ,,RAW Wine NYC” (ნიუ-იორკი). ასევე შემოდგომაზე, ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისთვის, საქართველოში ორი ღვინის ტური გაიმართა.




