“ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დროს დაჩქარებული წესით მიღებულმა სხვადასხვა კანონმა თუ კანონპროექტმა საზოგადოებაში გააჩინა ეჭვი, რომ ხელისუფლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. უმრავლესობის წევრები ამ მოარულ აზრს უარყოფენ და ირწმუნებიან, რომ საამისოდ არანაირი წინაპირობა, არც ვადამდელი არჩევნების ჩატარების რაიმე პოლიტიკური ნიშნით აუცილებლობა არსებობს (2028 წლამდე), თუმცა, როგორც ოპოზიცია ამბობს, “ქართულ ოცნებას“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმაციისთვის, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ასევე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება 78-ე მუხლის გასაუქმებლად სჭირდება, რაც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს.
- ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი:
“სამწუხაროდ, მე არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების ჩატარება უნდა და სწორედ ამიტომ იღებს რაღაც კანონპროექტებს დაჩქარებული წესით. ზოგადად, რა თქმა უნდა, ალბათობა ყველაფრისაა, მაგრამ ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება-არჩატარება უშუალოდ მიბმულია იმასთან, თუ რა მოხდება უკრაინაში. უკრაინაში ისე თუ წარიმართა ვითარება, როგორც ამას “ქართული ოცნება“ ფიქრობს, მაშინ ყველა ვარიანტში ჩატარდება იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აღარ ექნება იმის საშუალება, რომ სადღაც შუა პოზიცია დაიჭიროს, რუსეთთან ურთიერთობის გარკვევა უკვე გადალახული პრობლემა იქნება. მაშინ “ოცნებას“ არჩევნები ნამდვილად დასჭირდება. უკრაინაში ვითარება თუ ისე წავიდა, როგორც რუსეთს აწყობს, “ოცნებას“ ნამდვილად დასჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ამოიღოს 78-ე მუხლი და შემდეგ უკვე ქვეყანაში პროცესები სხვაგვარად განვითარდება. და თუ საპირისპირო მდგომარეობა შეიქნა (ანუ უკრაინის სასარგებლო), მაშინ კობახიძეს და მის გუნდს, რბილად რომ ვთქვათ, მოუწევს “პენსიაზე წასვლა“.
ცხადია, არჩევნები მაინც ჩატარდება, მაგრამ უკვე სხვაგვარი არჩევნები და სხვა ვითარება იქნება. ასე რომ, რამდენად მოსალოდნელია არჩევნების ჩატარება, ეს ჩემთვის პირდაპირ უკრაინის მოვლენებთანაა დაკავშირებულია. როდესაც უკრაინის ომი დასრულდება, ეს თუ მოხდა გაზაფხულზე, მაშინ არჩევნებს შემოდგომაზე უნდა ველოდოთ, თუ ომი დროში გაიწელა, საქართველოში არანაირი ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება. გულწრფელად რომ ვთქვათ, “ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპზე ქვეყნის შიგნით საფრთხე (თუ რაღაც კატასტროფული არ მოხდა) არ ემუქრება. კი, მას ხელს უშლის და აწუხებს ის, რომ ოპოზიციურად განწყობილი ხალხი ყოველ დღე რუსთაველზეა, მაგრამ არც იმდენად, რომ რიგგარეშე არჩევნებზე წავიდეს. აქ კიდევ გასაანალიზებელი იყო ოქტომბრის თვე, განსაკუთრებით 4 ოქტომბერი, რა მოხდა და როგორ მოხდა. “ოცნება“ თუ დაინახავს იმას, რომ მთელი ოპოზიცია ისევ უარზეა არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე, მაშინაც შესაძლოა ეს ნაბიჯი გადადგას, თუმცა ეს მაინც მეეჭვება.




