ადვოკატი: უზენაესმა ოკმელაშვილის საქმე არ მიიღო, ბრძოლა გრძელდება სტრასბურგში, საბოლოო გამარჯვებამდე!

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილისა და სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებლის, გიორგი ოკმელაშვილის საკასაციო საჩივარი. მისი ადვოკატი კობა ბარამია წერს, რომ უზენაესმა სასამართლომ ობიექტურად არ განიხილა საქმე.
„ამით ამოიწურა შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმები გიორგი ოკმელაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე. ბრძოლას ვაგრძელებთ სტრასბურგში – ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საბოლოო გამარჯვებამდე!“ – წერს ადვოკატი ფეისბუკში.
მისი თქმით, ამ სისხლის სამართლის საქმეში იყო რამდენიმე დარღვევა, რომლებზეც სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა:
· ინტერესთა კონფლიქტი – საქმეს იძიებდა , რომლის თანამშრომელიც საქმეში დაზარალებულად იყო ცნობილი;
· არაავთენტიკური ექსპერტიზა – „ერთ-ერთი საკვანძო ექსპერტიზა (ჰაბიტოსკოპური) მომზადდა რამდენიმე საათში“;
· ცრუ ჩვენებები – გიორგი ოკმელაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს იმ პოლიციელებმა, რომელთა თვალთახედვის არეალში ეს ფაქტი არ უნდა მოქცეულიყო;
· სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპის დარღვევა – საქალაქო სასამართლომ 15 ოქტომბერს საქმის განხილვა გადადო უვადოდ. განაჩენი გამოცხადდა ისეთ დროს, როცა მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, უფლებამოსილების ვადა ჰქონდა ამოწურული – არსებობდა მოლოდინი, რომ ის ოკმელაშვილს შეიწყალებდა;
· საკუთრების უფლების დარღვევა – გიორგი ოკმელაშვილისთვის არ დაუბრუნებიათ ტექნიკა, რომელიც ამოიღეს მის მიერ დაფუძნებული კომპანია „ლიმონიდან“ და მისი საცხოვრებელი ბინიდან.
ოკმელაშვილი 2024 წლის 15 მაისს დააკავეს საკუთარ სახლში და პოლიციელზე ძალადობის ბრალი წაუყენეს. დაკავების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელსაც დართული ჰქონდა დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერი. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ.
2025 წლის 3 თებერვალს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა გიორგი ოკმელაშვილს. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ოკმელაშვილმა ცირკი „შაპიტოს“ სიმღერა წაიმღერა.
„ცხოვრებაში არასდროს პოლიციის მიმართ არ გამომიჩენია უპატივცემულობა, მაგრამ ამ ადამიანის ქცევა ჩემში იწვევდა ისეთი გრძნობის გაღვივებას, რომელიც მაიძულებდა, ჩემ გვერდით მდგომები დამეცვა. ეს შავნიღბოსნები თავისი ქცევით მაიძულებდნენ, მეც გადავსულიყავი ჭიდაობასა და ჯაჯგურზე… მთელი დილა ეს შავნიღბოსნები გადმოდიოდნენ და გვირტყამდნენ… ნებისმიერი მათი ქმედება აღიქმებოდა ჩვენი მხრიდან თავდასხმად და იძულებულები ვიყავით, თავი დაგვეცვა“, – უთხრა მოსამართლეს ოკმელაშვილმა.
2025 წლის 28 აპრილს სააპელაციო სასამართლომ ეს განაჩენი ძალაში დატოვა.
ფორუმი