გიზის ერთ-ერთ პირამიდაში აღმოაჩინეს სიცარიელეები, რომლებიც შეიძლება ფარული შესასვლელის ნიშანი იყოს

გიზის მესამე უდიდესი პირამიდის, მენკაურას პირამიდის სკანირებებით გამოვლინდა მის ქვის კედლებს მიღმა დამალული ორი ანომალიური, ცარიელი „ჯიბე“.
რამდენიმე წლის წინ, მნიშვნელოვანი აღმოჩენები გაკეთდა ხეოფსის დიდ პირამიდაშიც, მათ შორის იყო უზარმაზარი შიდა სიცარიელე და დერეფანი მის ჩრდილოეთ შესასვლელთან. თუმცა, მენკაურას პირამიდის სიცარიელეები დრამატულად განსხვავდება ფორმით, ზომითა და განლაგებით, რაც მიუთითებს მშენებლობის ძლიერ განსხვავებულ ისტორიასა და მიზანზე.
„სურათებმა გვიჩვენა ორი ანომალია პირდაპირ გაპრიალებული გრანიტი ბლოკების უკან, რაც უნდა მიუთითებდეს ჰაერით სავსე სიცარიელეებზე. ასეთ ინტერპრეტაციას მხარს უჭერს ციფრულ სიმულაციათა სერიები, რომლებიც უშვებს სხვადასხვა შესაძლო სცენარს რეალური სამყაროს პირობებში“, — წერს კაიროს უნივერსიტეტის არქეოლოგთა ჯგუფი ხალიდ ჰელალისა და მოჰამედ ელკარმოტის ხელმძღვანელობით.
საუკუნეებია, გიზის პირამიდები კაცობრიობას აჯადოებს. მითოლოგიის გარდა, პირამიდები საოცარ ფანჯარას გვთავაზობს ძველ ეგვიპტეში გასახედად.
ხეოფსის პირამიდა მათ შორის უდიდესია და ყველაზე მეტი ყურადღებაც ექცევა. მენკაურა, სამ პირამიდას შორის ყველაზე პატარა, დეტალურად აღარც შესწავლილა მას შემდეგ, რაც იქ გათხრებს 1906 – 1910 წლებში აწარმოებდა ამერიკელი არქეოლოგი ჯორჯ რაისნერი.
თუმცა, ის სამ პირამიდას შორის უნიკალურია თავისი დაუსრულებელი ფასადით, რომელიც კირქვის სტრუქტურაზე გადაფარებული მოწითალო გრანიტისგან შედგება; ეს მახასიათებელი არქიტექტურული პრიორიტეტების შეცვლაზე მიუთითებს.
სამივე პირამიდა თითქმის ოთხი ათასი წლისაა და წარმოადგენენ ძველეგვიპტური ოსტატობის დიდებულ მოწმეებს; ამიტომ, ძლიერ მნიშნვნელოვანია მათი ისე შესწავლა, რომ ამ პროცესში არ დაზიანდნენ. ბოლო წლებში შეიქმნა მეთოდები და ტექნოლოგიები, რომლებიც ამის საშუალებას იძლევა, მათ შორისაა სტრუქტურების ინტერიერის არაინვაზიური სკანირება.
სწორედ ეს გააკეთეს მკვლევრებმა ScanPyramids პროექტში. კაიროს უნივერსიტეტისა და საფრანგეთის მემკვიდრეობის ინოვაციების შენარჩუნების ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა სკანირების სამი სხვადასხვა მეთოდის კომბინაცია გამოიყენა მენკაურას პირამიდის ქვედა ნაწილის გრანიტის საფარს მიღმა შესახედად.
ელექტრული წინაღობის ტომოგრაფია (ERT) დენს მყარ მასაში უშვებს და ზომავს სხვადასხვა მასალაში წინაღობის ცვლილებებს. მიწაში შეღწევადი რადარი (GPR) რადიოტალღებს მასაში აგზავნის და ზომავს, როგორ აირეკლება ისინი სხვადასხვა მასალიდან. ულტრაბგერითი ტესტირება (UT) იმავეს აკეთებს ბგერების გამოყენებით.
მენკაურას პირამიდის შიდა ნაწილის დასანახად მკვლევრებმა სამივე ეს ტექნოლოგია გამოიყენეს და აღმოაჩინეს ორი პატარა ანომალია აღმოსავლეთ ფასადზე, რომლებიც სულაც არ იქცეოდნენ ისე, როგორც მიმდებარე კირქვები.
პირველი მდებარეობდა გრანიტიდან დაახლოებით 1,4 მეტრის ქვეშ, სიგანეში დაახლოებით 1,5 მეტრია, სიმაღლეში კი 1 მ. მეორე გრანიტის ქვეშ 1,1 მეტრის სიღრმეში და ზომაში 0.9 X 0.7 მეტრია. ორივე ანომალია ჰაერის ჯიბესავით იქცეოდა და ბლოკებს შორის ერთმანეთს არ უერთდება.
ვრცლად პირველ არხზე

ასევე დაგაინტერესებთ