მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მივიდნენ

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მივიდნენ. დემონსტრანტები თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, მელიქიშვილის გამზირზე მისვლა სიმბოლური მნიშვნელობისაა, რადგან ზუსტად ერთი წლის წინ მათე დევიძე მელიქიშვილზე დააკავეს.
მელიქიშვილის გამზირიდან მარშის მონაწილეებმა პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს, ხოლო კაკაბაძის ქუჩიდან მსვლელობა კვლავ რუსთაველის გამზირისკენ გაგრძელდა.
მსვლელობის პროცესში სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ იმყოფებიან და პროტესტს განაგრძობენ.
როგორც ისინი ამბობენ, ხვალ, 20:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი პარაკლისს გადაიხდის, შემდეგ კი კვლავ გაიმართება საპროტესტო მსვლელობა.