ჩვენ ველოდით, რომ ბოიკოტი შეასუსტებდა და შეაჩერებდა „ქართული ოცნების“ აგრესიულ მანქანას, თუმცა ჩვენ ვხედავთ დღეს, რომ ისინი გაძლიერდნენ, მათ დისკომფორტს არ უქმნის არანაირი ბოიკოტი, პირიქით, კანონებს იღებენ და ჩვენ გვიწევს მათი კანონებით ცხოვრება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო ბევრ არასასურველ ცვლილებას განახორციელებს და პროცესები კიდევ უფრო მძიმე იქნება, ეს კი, ხვედელიანის შეფასებით, იმ ბოიკოტის შედეგია, რაც ოპოზიციამ ხელისუფლებას გამოუცხადა.
„ჩვენს პარლამენტში შესვლამდე, საქართველოს პარლამენტში არ ისმოდა განსხვავებული აზრი, ის ქცეული იყო „ქართული ოცნების“ ოფისად და სრულიად არ უქმნიდა მათ დისკომფორტს არც ბოიკოტი და არც ყველა ის ქმედება, რაც ერთი წლის განმავლობაში ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა განახორციელეს.
ჩვენმა იქ ყოფნამ დააბრუნა განსხვავებული აზრი, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს მოსახლეობაში იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პროცესი აღდგეს, რომელიც დღესდღეობით საქართველოში მკვდარია. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პოლიტიკური ტრიბუნა, მათ შორის, პარლამენტი, ადგილობრივ დონეზე – საკრებულოები და ა.შ.
ჩვენ უნდა დავანახოთ საქართველოს მოსახლეობას, რომ „ქართული ოცნების“ ალტერნატივა არსებობს, ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ ჯანსაღი აზროვნებით სტაბილური მშვიდობის დამცველი ძალები არსებობენ ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებს.
დღესდღეობით ჩვენი ქვეყანა არ არის კონსტიტუციურ ჩარჩებში. ვხედავთ, რომ ძალადობის მსხვერპლია სრულიად მოსახლეობა, მაშინ, როდესაც ძალადობენ ფიზიკურად და ახლა უკვე სასამართლოს მეშვეობით ანუ ყველა ინსტრუმენტი აქვს მიტაცებული. ახლა კიდევ ცვლილებები განხორციელდება და კიდევ უფრო მძიმე პროცესები იქნება და ამ ყველაფრის შედეგი დადგა იმ ბოიკოტის შემდეგ და 4 ოქტომბრის შემდეგ.
ჩვენ ველოდით, რომ ბოიკოტი შეასუსტებდა და შეაჩერებდა „ქართული ოცნების“ აგრესიულ მანქანას, თუმცა ჩვენ ვხედავთ დღეს, რომ ისინი გაძლიერდნენ, მათ დისკომფორტს არ უქმნის არანაირი ბოიკოტი, პირიქით, კანონებს იღებენ და ჩვენ გვიწევს მათი კანონებით ცხოვრება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო მეტმა ადამიანმა დაინახოს, რას აკეთებს „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ყველაფერზე მზად არიან იმისთვის, რომ ხალხისგან მოპარული ფული შეინარჩუნონ. თქვენ რა გგონიათ, კორუფციას ვებრძვითო, რომ იძახიან, ეს კორუფციასთან ბრძოლაა? ეს არის ფასადური აქტივობები, რომელსაც ისინი ახორციელებენ მხოლოდ იმისთვის, რომ შექმნან კორუფციასთან ბრძოლის ტყუილი მოლოდინი.
როგორ შეიძლება ვისაუბროთ კორუფციასთან ბრძოლაზე ან კორუფციის პრევენციაზე, როდესაც მხოლოდ ერთი კლანის – ლილუაშვილ-ღარიბაშვილის კლანის წარმომადგენლების იდენტიფიცირება მიმდინარეობს, მათი დევნა, დაჭერებს ვხედავთ და რაღაც სპექტაკლებს ტელევიზორში და ამ დროს კალაძე-კობახიძის კლანი არის ძალიან მშვიდად. ჩვენი დედაქალაქის მერი გახლავთ კორუფციის სიმბოლოდ ქცეული“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.




