იუსტიციის უმაღლესი საბჭო კმაყოფილია იმ აკრძალვებით, რომლებიც სადავო პარლამენტმა ჟურნალისტებს დაუწესა სასამართლოს სხდომათა დარბაზებსა და ეზოში ფოტო-ვიდეოგადაღებაზე. მოსამართლეთა განწყობაზე ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ესაუბრა.
„იქ კატეგორიები და გამონაკლისები ჟურნალისტების მიმართ არ არის… [სასამართლოებში] სათავსო არის იმისთვის, რომ ეს ტელეფონები ხომ უნდა შეინახო და მერე ხომ უნდა დაუბრუნდეს… იმ საკანონმდებლო აქტის [გადაღების აკრძალვის] აღსასრულებლად არის ეს სათავსოები…
[ტელეფონები ჩამოერთმევა] ნებისმიერ პირს…
ჩვენ ვეთანხმებით მას იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიგვიღია, სასამართლო ხელისუფლებას. ვეთანხმებით იმიტომ, რომ ეს ხელს უწყობს მართლმსაჯულებას“, – თქვა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
ბოლო თვეების განმავლობაში სადავო პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონი, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეზღუდა საქართველოში გამოხატვის თავისუფლების ხარისხი. 28 ივნისიდან ამოქმედდა კანონი, რომლითაც სასამართლოს შენობასა და ეზოში აიკრძალა ფოტო-ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა.
7 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა“ სასამართლოებისთვის იყიდა სპეციალური კარადები პატარა სათავსოებით – მაშინვე გაჩნდა ვარაუდი, რომ მას მობილურების შეტანაზე აკრძალვის დასაწესებლად გამოიყენებდნენ.
„ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონითა და მასზე დაყრდნობით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილებით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს უფლება მისცეს, სასამართლო სხდომაზე დამსწრეებს ჩამოართვან ნებისმიერი მოწყობილობა, რომლებითაც შესაძლებელია ფოტო-ვიდეოგადაღება ან ხმის ჩაწერა.
მედიასაშუალებებს სასამართლოდან ინფორმაციის გამოტანის ერთადერთ წყაროდ დარჩათ ლეპტოპები და მობილური ტელეფონები, რომლებითაც „ლაივ ბლოგებს“ ამზადებენ. თუკი სასამართლოში ელექტრონული მოწყობილობების შეტანას აკრძალავენ, კიდევ უფრო მწირ ინფორმაციას მიიღებს მოქალაქე.
სასამართლოს შენობასა და ეზოში ფოტო-ვიდეოგადაღება ბოლო რამდენიმე თვეა აკრძალულია, თუმცა მოქალაქეთა ნაწილი მაინც ახერხებს ხოლმე მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ძალადობის შემთხვევების ასახვას და გავრცელებას.
ფორუმი




