IPI მზია ამაღლობელის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენს გმობს

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) მკაცრად გმობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის საქმეზე.
„დაცვის მხარე განაჩენის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს, თუმცა IPI კვლავ მოითხოვს მის გაუქმებას და მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, — ნათქვამია პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის განცხადებაში.
18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა აჭარის საქალაქო სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილება, რომლითაც მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
„სააპელაციო განაჩენით ძალაში დარჩა 2025 წლის აგვისტოში გამოტანილი თავდაპირველი გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც 200 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში უსამართლო წინასწარი პატიმრობისა და უაღრესად პოლიტიზებული სასამართლო პროცესის შემდეგ იქნა გამოტანილი, რა დროსაც ჟურნალისტის ჯანმრთელობა და მხედველობა სერიოზულად გაუარესდა. დაპატიმრებისა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შემდეგ, მზია, რომელიც საქართველოს ორი ყველაზე ცნობილი დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთისა“ თანადამფუძნებელი და დირექტორია, პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა საქართველოში, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დისიდენტების მიმართ ავტორიტარულ რეპრესიებს აღრმავებს“, — აცხადებს IPI.
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ამბობს, რომ სასამართლო პროცესის გაგრძელების პარალელურად გააგრძელებს სასამართლო პროცესის ყურადღებით მონიტორინგს, მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას და საქართველოში პრესის თავისუფლების დაცვას.
„თუ შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები ამოწურულია, IPI მხარს დაუჭერს საქმის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გატანას“, — ნათქვამია განცხადებაში.
ამ თემაზე:
სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელისთვის მისჯილი 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა