“ილუზიებზე იყო დაფუძნებული” – ცხინვალი “სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის” შესახებ

„უსარგებლო და აზრს მოკლებული“ – სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სტრუქტურაში მიესალმებიან თბილისში “სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის“ გაუქმებას.
„ქართული ოცნება“ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულს აუქმებს.
Sputnik-თან საუბარში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, პოლიტოლოგმა იური ვაზაგოვმა განაცხადა, რომ ეს სტრუქტურა თავიდანვე „დასავლელი დონორების პროექტი“ იყო და წლების განმავლობაში „უაზრო და უსარგებლო მექანიზმად“ დარჩა.
„თავიდანვე ამ სტრუქტურის საქმიანობა შესაძლებელი იყო დასავლელი დონორების საშუალებით. დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის პროექტი თავიდანვე დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ იყო დაგეგმილი. ყველა პროგრამა, რომელსაც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ამ ხაზით იღებდა, სწორედ დასავლეთი აფინანსებდა“, – თქვა ვაზაგოვმა.
მისი თქმით, დღეს საქართველოში დაფინანსების შემცირების გამო ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რით უნდა ფუნქციონირებდეს ეს ორგანო.
ვაზაგოვი ამატებს, რომ სტრუქტურამ წლების განმავლობაში საკუთარი მიზნებიც ვერ შეასრულა:
„ეს სტრუქტურა თავიდანვე ილუზიებზე იყო დაფუძნებული. თითქოს შესაძლებელი იქნებოდა სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაში განხეთქილება ან პროქართული ძალების პოვნა. ახლა ყველასთვის ნათელია, რომ ეს იყო მხოლოდ დასავლური გრანტების გაფლანგვის მექანიზმი“ ,- ამბობს ის.
ვაზაგოვის თქმით, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას წყვეტს თბილისი, თუმცა მათთვის ქართული პოლიტიკური დისკურსი კვლავ „ლაკმუსის ქაღალდია“:
„სამწუხაროდ, პოზიტიური ცვლილებები არ ჩანს”.
მისივე თქმით, თბილისისა და ბრიუსელს შორის არსებული „გაყრის პროცესი“ უკვე აისახება იმ პროგრამებზე, რომლებიც სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ხორციელდებოდა:
„ევროკავშირის დაფინანსების შემცირების ფონზე, სამხრეთ ოსეთის მიმართულებით პროექტების ინტენსივობა გაჩერებულია. თუმცა უბრალოდ სხვა მექანიზმების ძიება დაიწყება,“ ვინაიდან, მისი განცხადებით, თბილისის მხრიდან „მზარდი რბილი გავლენის მცდელობები“ არ წყდება და ზოგიერთი რუსი ოპოზიციონერის „ინტელექტუალური და ფინანსური რესურსებიც“ ამ მიზნებისთვის გამოიყენებოდა.
„სამხრეთ ოსეთის მიმართ ინტერესს თბილისი არ კარგავს, მიუხედავად იმისა, რა ცვლილებები ხდება“, – ამბობს ვაზაგოვი.