ცხინვალის განცხადებით, “სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, უისტის სოფლის რაიონში მდებარე საქართველოს არასანქცირებული პოლიციის პოსტის დემონტაჟის საკითხი კვლავ გახდა ცენტრალური თემა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) 128-ე შეხვედრაზე”.
ამის შესახებ ჟურნალისტებს IPRM-ის ფორმატში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა აცნობა.
მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ მიუთითეს, რომ პოსტის ჩამოყალიბების ინიციატორი იყო საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და შემდგომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
„ამჯერად მაგალითად მოვიყვანეთ, რომ პოსტის ინიციატორი იყო საქართველოს ყოფილი შს მინისტრი, შემდგომში პრემიერი გიორგი გახარია. დღეს გახარია, სავარაუდოდ გერმანიაში მყოფი, საქართველოს პროკურატურამ დაუსწრებლად დააკავა. მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს შორის ფიგურირებს ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა უისტაში, სადაც საქართველოს პოლიციის პოსტია განთავსებული“, — აღნიშნა კოჩიევმა.
სამხრეთ ოსეთის მხარემ ასევე განმარტა, რომ თუ თბილისი პოსტის განთავსებას შეცდომად აღიარებს, „ლოგიკური ნაბიჯი იქნება მისი მოხსნა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან“.




