NS Studio – 10-წლიანი გამოცდილება არქიტექტურულ დიზაინში, პრესტიჟული პროექტები და ქუთაისის განვითარების გეგმა

Marketer-ის მკითხველისთვის დიდი ბრენდების ისტორიები უცხო ხილი არ არის, რადგან ჩვენ ხშირად გიყვებით იმ გლობალური კომპანიების, მათი დამფუძნებლების შესახებ, რომლებმაც პატარა ნაბიჯებით დაიწყეს თავიანთი ბიზნესი და შემდეგ გაფართოვდნენ.
საინტერესოა, რომ მსგავსი ისტორიები ქართული ბიზნესის ნაწილიც ხდება, რადგან ბრენდი, რომლის შესახებაც დღეს გვსურს გესაუბროთ, ორი ადამიანისგან, კერძოდ, ორი სტუდენტის მიერ შეიქმნა და ათი წლის განმავლობაში 80 თანამშრომლამდე გაიზარდა. აქედან 40 ადამიანი კომპანიის მუდმივი გუნდის ნაწილია, ხოლო ერთი ამდენი აუთსორსზეა ჩართული.
დღეს, როდესაც პირველ ნაბიჯებს იხსენებენ, თანადამფუძნებლები თავადაც გაოცებულნი არიან შედეგით. პროექტები, რომლებიც ერთად განახორციელეს, რაოდენობრივადაც, ესთეტიკურად და პრესტიჟულობის თვალსაზრისითაც შთამბეჭდავია. ბრენდის პორტფოლიო ისეთ ნამუშევრებს მოიცავს, როგორებიცაა: მზიურის ხიდი, ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი, Holiday Inn Telavi, Radisson Kutaisi და კიდევ 280-ზე მეტი პროექტი. მათ არქიტექტურასა და დიზაინზე კომპანია NS Studio-მ იზრუნა – არქიტექტორულმა და დიზაინის სტუდიამ, რომელიც დღეისათვის ორი ოფისითაა წარმოდგენილი თბილისსა და ქუთაისში. როგორც დამფუძნებლები გვიყვებიან, NS პირველი არქიტექტურული სტუდიაა, რომელსაც ორი ოფისი აქვს საქართველოში. მათი მიზანი მხოლოდ ის კი არაა, რომ უბრალოდ ქვეყნის უდიდესი ქალაქები აითვისონ, არამედ სურთ, რომ დიზაინისა და არქიტექტურის კუთხით ქუთაისის განვითარებას შეუწყონ ხელი. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ქუთაისის ოფისში მხოლოდ ადგილობრივები არიან დასაქმებულები.
ბრენდის შესახებ კიდევ ბევრ საინტერესო ფაქტს მისი თანადამფუძნებელი, ლუკა ჩაგანავა გაგვიზიარებს:
M: ლუკა, ახლა, როცა ბრენდი უკვე 10 წელია ბაზარზეა და წარმატებით ოპერირებს, როგორ გაიხსენებდით იმ პირველ ნაბიჯებს, რაც გადადგით კომპანიის დაარსებისას?
სტუდენტები ვიყავით, NS Studio რომ დავაფუძნეთ და მაშინ ბაზარზეც არ იყო ბევრი არქიტექტორული კომპანია. დასაქმების კუთხით ამ სფეროში დიდი პერსპექტივა არ იშლებოდა, ამიტომ მე და ნინი ჭანტურიამ საკუთარი სტუდიის დაფუძნება გადავწყვიტეთ.
პირველი ორი წელი თავის დასამკვიდრებლად დაგვჭირდა, რაც საკმაოდ რთულია დამწყებისთვის, რადგან ამ დროს არა მხოლოდ შენი პროდუქტი უნდა შექმნა, არამედ საზოგადოებას ისიც უნდა აჩვენო, რომ საქმის ხარისხიანად კეთება შეგიძლია. ამისთვის კი თავდაუზოგავი შრომაა საჭირო და დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვფიქრობ ყველა იმ სირთულესა და დაბრკოლებაზე, რაც მე და ნინიმ გავიარეთ, წარმოუდგენლად მეჩვენება ის ძალისხმევა, რაც მაშინ შევძელით, რომ სტუდიის ფუქნციონირებასა და განვითარებაში ჩაგვედო.
M: თქვენი აზრით, რამ განაპირობა ის, რომ წლების განმავლობაში ასე გაიზარდეთ როგორც პროექტების, ისე გუნდის რაოდენობით?
ჩვენი მთავარი მიზანი მაღალი ხარისხის პროდუქტის შეთავაზებაა და დამკვეთებთან, მათი სურვილებისა და გემოვნების გათვალისწინებით, კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება. გვყავს მომხმარებლები, რომლებიც მუდმივად გვიბრუნდებიან ახალი პროექტებითა და გამოწვევებით. ჩვენი გუნდის მთავარი აქცენტები მომხმარებლისთვის ორ მნიშვნელოვან ფაქტორზე კეთდება – პროდუქტის ხარისხი და მომხმარებელთან დამოკიდებულება.
M: თქვენს მრავალრიცხოვან პროექტებს შორის თუ გაქვთ ისეთი, რომელსაც გამოარჩევდით?
ბევრი პროექტი გვაქვს პორტფოლიოში და ყველა მათგანი თავისებურად საინტერესოა, თუმცა გამოვყოფდი იმ საწყის პროექტებს, რომლებმაც ჩვენს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა და ბევრი სხვა მასშტაბური პროექტიც მოგვიტანა. ესენი იყო თელავის Holiday Inn და მზიურის ხიდი.
M: თქვენ ოფისი არა მარტო თბილისში, ქუთაისშიც გაქვთ და ამ ქალაქის განვითარებაშიც შეგაქვთ დიდი წვლილი. მოგვიყევით ამის შესახებ…
მას შემდეგ, რაც თბილისის ოფისი უკვე საკმაო წარმატებით მუშაობდა, ქუთაისში ოფისის გახსნის მთავარი მიზანი იყო ის, რომ გვინდოდა ახალი ლოკაცია აგვეთვისებინა საქართველოში. ქუთაისი საინტერესო ქალაქია თავისი კულტურით, საქმისადმი დამოკიდებულებით, გემოვნებით, თუმცა აქ არქიტექტურული კომპანიების რაოდენობა საკმაოდ მცირეა და გვინდოდა, რომ მის მცხოვრებლებს საშუალება ჰქონოდათ, მიეღოთ ისეთი პროდუქტები, როგორიც მათ სურვილებსა და საჭიროებებს დააკმაყოფილებდა. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, თუნდაც სტუდენტებს, რომლებიც არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით სწავლობენ, რომ ჰქონდეთ ადგილობრივად დასაქმების საშუალება და არ მოუწიოთ ამისთვის თბილისში ჩამოსვლა. მეტიც, ჩვენს გუნდში არის სამი ადამიანი, რომლებიც თბილისიდან ქუთაისში დაბრუნდნენ და ახლა იქ ცხოვრობენ და მუშაობენ. გვსურს, რომ ეს ქალაქი უფრო მრავალფეროვანი გახდეს და არქიტექტურული მიმართულება მეტად დაინერგოს და განვითარდეს.
M: რა მსგავსება ან განსხვავებებია თბილისსა და ქუთაისში მუშაობას შორის?
ძირეული განსხვავება ქუთაისისა და თბილისის მომხმარებელს შორის არ არის, მაგრამ ერთი, რასაც ქუთაისის მომხმარებლისგან გამოვყოფდი, არის დამოკიდებულება, რომელსაც ისინი იჩენენ კომპანიის მიმართ. აქ აშკარად იგრძნობა მეტი ლოიალობა, უფრო თბილი დამოკიდებულება და პატივისცემა შემსრულებელი კომპანიის მიმართ. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ დამკვეთთან მეგობრული ურთიერთობა გვიყალიბდება და პროექტებსაც წარმატებულად ვაკეთებთ.
M: სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარეთ…
ამ ეტაპზე ოფისის გაფართოებაზე ვმუშაობთ, რაც კიდევ 20-25 ადამიანის დამატების საშუალებას მოგვცემს. ვგეგმავთ შოურუმის გაკეთებას ჩვენი პროდუქტის ხაზისთვის – NS PRODUCT, რითაც კიდევ უფრო გავზრდით და განვავითარებთ ამ მიმართულებას. ასევე, 2024 წლიდან ქუთაისის გუნდის გაზრდასაც ვგეგმავთ. ეს რაც შეეხება ახლო გეგმებს…
მომდევნო სამი წლის განმავლობაში კი უფრო დიდი გეგმები გვაქვს და ერთ-ერთი პირველი მათ შორის არის ოფისის დაფუძნება ევროპაში. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს, თუმცა დეტალებს ჯერჯერობით არ მოვყვები. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ის ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში იქნება და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დასახულ მიზნამდე მივიდეთ.
[R]