Air France-KLM-მა პორტუგალიური ავიაკომპანია TAP SA-ს აქციების შესყიდვის ინტერესი გამოთქვა, – ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბენ სმიტმა, Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. ამგვარად, ფრანკო – ჰოლანდიური კომპანია TAP-ის წილის შეძენის პირველი პრეტენდენტი გახდა, რომელმაც ოფიციალურად გამოაცხადა გარიგებით დაინტერესების შესახებ.
პორტუგალიის ხელისუფლება აპირებს TAP-ის აქციების 44.9%-მდე გაყიდოს და კიდევ 5% ავიაკომპანიის თანამშრომლებს გადასცეს. ინვესტორებს განაცხადების წარდგენა 22 ნოემბრამდე შეუძლიათ. სავალდებულო პირობებია განმცხადებლის წლიური შემოსავალი მინიმუმ 5 მილიარდი ევროს ოდენობით და ლისაბონში TAP-ის მთავარი ჰაბის შენარჩუნება.
ბენ სმიტმა აღნიშნა, რომ Air France-KLM გეგმავს TAP ბრენდის შენარჩუნებას, ლისაბონის ჰაბის შენარჩუნებას და პორტუგალიური გადამზიდავის მარშრუტების ქსელის გაფართოებაში ინვესტიციების ჩადებას.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Lufthansa-მ და IAG-მა შესაძლოა ასევე განიხილონ მინორიტარული წილის შეძენა. Bernstein-ის ანალიტიკოსი ალექს ირვინგი მიიჩნევს, რომ IAG ყველაზე შესაფერისი მყიდველია, რადგან ჯგუფს ბრაზილიის მარშრუტზე, TAP-ის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებაზე, სუსტი წარმომადგენლობა აქვს. 2024 წლის ბოლოსთვის პორტუგალიური ავიაკომპანია 16 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 1.6%-ით მეტია. TAP 2022 წლიდან მოყოლებული მოგებიანი რჩება.




