„თავისუფლების მოედანი“ პარტიად დარეგისტრირდა

„თავისუფლების მოედანი“ რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიაა.
საჯარო რეესტრის მიერ „თავისუფლების მოედნის“ პარტიად რეგისტრაციის მოწმობა 17 ნოემბერს არის გამოცემული.
„თავისუფლების მოედანი“ აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა ორჯერ უთხრა უარი რეგისტრაციაზე მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტები „საუკეთესო იურისტებმა შეადგინეს“, ხოლო წესდება „საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით“ შეიმუშავეს. რეესტრის თანახმად, „თავისუფლების მოედნის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა რეგისტრაციის პირობებს.
„პარტიის რეგისტრაციის გზაზე მრავალი პრობლემა შეგვექმნა, ზოგი მოსალოდნელი, ზოგი სრულიად მოულოდნელი, მაგრამ გუნდში გადაწყვეტილი გვქონდა, ეს ბრძოლაც აუცილებლად ბოლომდე მიგვეყვანა. ათასგვარი ბიუროკრატიული ხრიკი და წინაღობა დავძლიეთ. თანაც, აუცილებლად გვინდოდა ისეთი წესდება და პროცედურები გვქონოდა, რომლებიც საუკეთესო ევროპულ ტრადიციებზე დაფუძნებით შევიმუშავეთ. ამ ბრძოლამ გამოიღო თავისი შედეგი, ვაჯობეთ სისტემას, რომელსაც მოუწია უკვე ფორმალურადაც ეღიარებინა უკვე არსებული რეალობა — „თავისუფლების მოედანი“ რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიაა. ხვალ რას მოიფიქრებს იგივე რეჟიმი, არავინ იცის, რადგანაც ის ახალი პარტიების სამომავლოდ აკრძალვასაც კი გვპირდება, მაგრამ ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ბრძოლა ყველგან საჭიროა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, — დაწერა პარტიის თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძემ სოციალურ ქსელში.
სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ 2023 წელს შეიქმნა, 2024 წლის 1-ელ ივლისს კი მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკურ პარტიად დაფუძნების შესახებ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „თავისუფლების მოედანი“ „ლელოს“ ირგვლივ შექმნილი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი იყო, რომელიც მიმდინარე წლის მარტში დატოვა.