ალექსანდრე დარახველიძე – ჯარიმები არა შსს-ს ბიუჯეტში, არამედ ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის, ამიტომ აქ არანაირი ინტერესი არ გვაქვს – ჩვენი ერთადერთი ინტერესია, დაცული იყოს საგზაო მოძრაობის წესები და არ მოხდეს ავარიები

ჩვენი მთავარი მიზანი არის არა ჯარიმების ამოღება, რომელიც საერთოდ არ მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტში, არამედ, ის, რომ დაცული იქნეს საგზაო მოძრაობის წესები,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის არსებული ჯარიმების გაზრდის ინიციატივა წარადგინა.
დარახველიძის განმარტებით ჯარიმების გაზრდის მთავარი ინტერესია, არ მოხდეს ავარიები გზებზე.
„თუკი პარლამენტის მოსაზრებაა, რომ რომელიმე ჯარიმა არის არაადეკვატური, ამაზე შეგვიძლია ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ. ჩვენი მთავარი მიზანი არ არის ჯარიმების ამოღება, რომელიც საერთოდ არ მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტში. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ არც ერთი ამოღებული ჯარიმა არ მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტში, ეს მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში და მერე ნაწილდება. შესაბამისად, ჩვენ აქ არანაირი ინტერესი არ გვაქვს. ჩვენი ერთადერთი ინტერესია ის, რომ დაცული იქნეს საგზაო მოძრაობის წესები და არ მოხდეს ავარიები“,- განაცხადა დარახველიძემ.