ის ადამიანები, რომლებიც გადახვეწილი არიან, რომ ლუკმა-პურის ფული იშოვონ და ოჯახები არჩინონ, თურმე გარე ძლების ინტერესების გამტარები ყოფილან – ამას ზარქუების, ოდიშარიების, კობახიძეებისა და მდინარაძეების ხელისუფლება ამბობს, რომელიც თავად არის გარე ძალების ინტერესების გამტარი,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც დაანონსებულ ცვლილებებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ.
გრიგოლ გეგელიას თქმით, „სამწუხარო და სამარცხვინოა, როდესაც შენს მოქალაქეებზე საუბრისას გარე ძალებზე მიუთითებ“.
„ზარქუების, ოდიშარიების, კობახიძეებისა და მდინარაძეების ხელისუფლება თავად არის გარე ძალების ინტერესების გამტარი. ისინი მოხუცის მოსავლელად წასულ ადამიანებს აბრალებენ იმას, რაც თავად არიან. თავად ამ პროცესში მულტი-მილიონერები გახდნენ და ემიგრანტებზე, რომლებიც ოჯახს არჩენენ და ქვეყნის გარე სპონსორია, აცხადებენ, რომ გარე ძალების ინტერესების გამტარები არიან. ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რომ „ერთი დღე გამონახონო“, ეს უნამუსო, არარაობა, აქედან თითის ქნევით ელაპარაკება, მაგრამ მე იმ ოჯახების გამკვირვებია, რომლებიც ამას უსმენენ და მისი ოჯახის წევრი დედა, ბებია, მამა, ახლობელი და ა.შ. ემიგრაციაში არიან და ამაზე პროტესტი არ აქვთ. სად არის ეს ხალხი და როდის გასცემს ამ მავნებლებს პასუხს? რაც შეეხება ლოჯისტიკურად, ემიგრანტების ნახევარიც რომ ჩამოვიდეს, „ქოცების“ ბუნდღაც აღარ დარჩება“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
მისივე შეფასებით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისთვის ემზადება.
„თუ პოლიტიკურ კალენდარს შევხედავთ, საპარლამენტო არჩევნები 2028 წელს უწევს, მაგრამ კითხვა ჩნდება, მაშინ ახლა რატომ იღებს მსგავს გადაწყვეტილებებს? ასევე, გუშინ ახალი „საარჩევნო კოდექსის“ შესახებ განაცხადეს. ამას იმიტომ აკეთებს, რომ არჩევნებს აზრი აქვს. აზრი რომ არ ჰქონდეს, ხომ არ შეწუხდებოდნენ? ვინც ამბობს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, რადგან „მაინც წავაგებთ“, ისინი მავნებლები არიან და ბიძინას საქმეს აკეთებენ. „ქოცებმა იციან, რომ არჩევნებს, სადაც ამომრჩეველთა უმრავლესობა მივა, დიდი აზრი ექნება. მათ ეშინიათ იმის, რომ თუ წინა არჩევნებზე 34 ათასზე მეტი ამომრჩეველი მივიდა, ახლა 200-300 ათასი ადამიანი არ მივიდეს [ემიგრანტ ამომრჩევლებზე] რადგან ბევრი გააფუჭეს, გასული წლის შემდეგ, იმდენი მავნებლობა ჩაიდინეს, რომ გადაასწრეს მათთვის საძულველ სააკაშვილს. ფორმები აქვთ შეცვლილი, 13 წელი გავიდა და ტექნიკა დაიხვეწა, თუმცა შინაარსი გაუარესებულია. სააკაშვილმა პარტიები აკრძალა? ან 9 ოპოზიციონერი ჰყავდა ციხეში? ან კობახიძე სად იყო სააკაშვილის დროს, იატაკქვეშეთში იბრძოდა? თსუ-ში ასწავლიდა და NGO-ში მუშაობდა, როცა უსუფაშვილი სააკაშვილს ებრძოდა“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
გრიგოლ გეგელიას თქმით, „არჩევნები, რომელსაც “ქართული ოცნება“ დანიშნავს, კარგი ვერ იქნება“.
„ვთვლი, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რათა სიტუაცია თავის სასიკეთოდ გადააკეთოს. „ოცნებას“ ქვეყნის შიგნით და გარეთ ლეგიტიმაციის მძიმე კრიზისი აქვს. მივიჩნევ, რომ „ოცნება“ ახალ არჩევნებს დანიშნავს, მაგრამ იქნება ეს არჩევნები კარგი? – არა, რადგან არჩევნები, რომელსაც „ქართული ოცნება“ დანიშნავს, კარგი ვერ იქნება. თუნდაც ბოლო არჩევნებიდან დღემდე სიტუაცია გაუარესებულია, თუნდაც თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ზოგიერთი, რომ ამბობდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა ნორმალიზაციას მოახდენსო, ეს მოხდა? – არა. პირიქით გაუარესდა. ოპოზიციის ნაწილი, 3 თვე დადიოდა და საზოგადოებას ატყუებდა და დღეს მათ არავინ ეკითხება – იღებენ თუ არა იმ სიტყვებზე პასუხისმგებლობას. მარტო საქართველოში შეიძლება 3 თვე ეთერებში ტყუილები ვილაპარაკო და ამაზე პასუხი არ მომთხოვონ და შემდეგ ადამიანებს, რომლებსაც ვატყუებდი, ვუთხრა „ერთობაში დამიდექითო“. ამიტომ ვართ ამ მდგომარეობაში, სიტყვას ფასი აღარ აქვს. მეც არ მომწონს შიდა განხილვები, მაგრამ 3 თვის ლანძღვა-გინებაზე ხმა არ ამომიღია, რადგან არ მინდოდა, რომ საერთო მიზანი დამესუსტებინა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურში არ მესმის და ვინმეზე 100-ჯერ უკეთესად არ შემიძლია რაღაცის თქმა“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსმა საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებულ პროცესზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის ფანჯარა დახურულია, სანამ „ქვეყანას „ქართული ოცნების“ რეჟიმი მართავს“.
„ქვეყნის ევროინტეგრაციის ფანჯარა დახშულია, ვიდრე ქვეყანას „ქართული ოცნების“ რეჟიმი მართავს, ან ამ რეჟიმის პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან „ქართული ოცნება“ კრემლის სინონიმური ერთეულია.
როდესაც შენ პრორუსი ხარ, ყველაფერს აკეთებ, რომ ქვეყანამ შანსი დაკარგოს, უახლოვდები რუსეთს და ჩინეთს, გაუგებარი არაბული ინვესტიციები შემოგაქვს, როდესაც თავისუფალი სახელმწიფო და ადამიანის უფლებები მოსპე და ფეხქვეშ გათელე სახელმწიფო, ამის შემდეგ, რომ ბრიუსელს საბჭოთა კავშირს ადარებ, გამოდის, რომ ბრიუსელი სწორია.
საქართველოს წარმომადგენლებს ალფაბეტის მიხედვით გერმანიისა და საფრანგეთის გვერდით ჯდომა უწევთ. კობახიძე რომ ამოხტა ტანსაცმლიდან და გაბადრული იდგა, როდესაც მაკრონმა 3 წამით წამოარტყა ხელი და – „ბატონო პრეზიდენტოო“, ამის წინა დღეებში კობახიძის სისტემა მაკრონს „კოკაინშიკად“ მოიხსენიებდა და ასეთი შეხვედრების დროს აღარ არის ხოლმე ქართველ ხალზე ზეწოლა, ან მეორე ფრონტის გახსნის, ან კაცი რომ ქალად უნდა გადაკეთდეს მოთხოვნები? შეხვედრის დროს მეორე ფრონტის მოთხოვნა უქმდება? კობახიძეს ხომ არ სთხოვენ, რომ ქალად გადაკეთდეს ან გათხოვდეს?“- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ასევე, გრიგოლ გეგელიამ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის სტუმრობაც შეაფასა. მისი თქმით, „თუ „ოცნებას“ ვითარების ნორმალიზება სურს და სურს ტრამპისეულ ხედვაში ჩაჯდეს, პოლიტიკური კურსების შეცვლა მოუწევს“.
„ველი, რომ ამერიკელების სათქმელი ქართული სახელმწიფოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გათელვას შეეხება, რომელიც დღეს საქართველოში ხდება. თუ „ოცნებას“ ვითარების ნორმალიზება სურს, რომ ტრამპისეულ ხედვაში ჩაჯდეს, პოლიტიკური კურსების შეცვლა მოუწევს. მათ თავიანთი სტანდარტი გააჩნიათ, მათ შორის, თუ რამდენად არის ხელშეხებაში ესა თუ ის რეჟიმი ამერიკის ღირებულებებთან და ინტერესებთან. ადამიანთა დევნით, არჩევნების მიტაცებით და მსგავსი პრაქტიკებით ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებ. აშშ-ს ადმინისტრაციას მკაფიო ხედვა გააჩნია, თუ რამდენად ხარ თანხვედრაში ამერიკის ძირითად სადამფუძნებლო ღირებულებებთან, რომელთანაც „ქოცები“ ფუნდამენტურ აცდენაში არიან. „ოცნება“ რუსეთის, ირანის და ჩინეთის ტიპის რეჟიმების მეგობარია, ეს რეჟიმები კი პრეზიდენტ ტრამპს არ მოსწონს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.




