მედია: გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკის სამინისტროს ანაზღაურებადი კონსულტანტი გახდა

Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და tv „იმედზე“ ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანი გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში დასაქმდა.

ის მარიამ ქვრივიშვილის გუნდს „სამინისტროსთან დაკავშირებული სტრატეგიული კომუნიკაციის ჩარჩოს შემუშავებაში“ დაეხმარება.

BMG-ის აღნიშნული ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს, მაგრამ კონკურენტული პასუხების გარეშე დატოვეს BMG-ის კითხვები: 1. როდის დაინიშნა გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკის სამინისტროს კონსულტანტად და რამ შექმნა აღნიშნულის საჭიროება; 2. რამდენია გიორგი აბაშიშვილის სახელფასო ანაზღაურება; 3. ასევე, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებები ეხება თუ არა გიორგი აბაშიშვილს?

ეკონომიკის სამინისტროს წერილობითი განმარტების თანახმად, გიორგი აბაშიშვილი არ წარმოადგენს შტატით გათვალისწინებულ/შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს. როგორც ჩანს, სამინისტრო მისგან მომსახურებებს პერიოდულად შეიძენს.

„გაცნობებთ, რომ შემხვედრი საჭიროებებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, მიზანშეწონილად მიიჩნია, სამინისტროსთან დაკავშირებული სტრატეგიული კომუნიკაციის ჩარჩოს შემუშავების, ანალიტიკური მიმართულების გაძლიერების, კერძო სექტორთან, აკადემიურ და ბიზნესწრეებთან თემატური სტრატეგიული მართვის ხელშეწყობის და გაუმჯობესების მიზნით, განეხორციელებინა შესაბამისი სპეციალისტის მომსახურების შეძენა, რომელიც აქტიურად იქნებოდა დაკავშირებული სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებებთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა გიორგი აბაშიშვილთან, მითითებულ სფეროში მისი ცოდნის და სათანადო გამოცდილების გათვალისწინებით“, – წერია მარიამ ქვრივიშვილის უწყების მიერ მომზადებულ წერილობით პასუხში, რომლის მისაღებად BMG-ის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა დასჭირდა.

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში, ეკონომიკის სამინისტროს, ჯერჯერობით, ფიზიკურ პირ გიორგი აბაშიშვილთან ერთი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. მომსახურების საგანი ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებაა. ხელშეკრულების ღირებულებაა 833 ლარი და 33 თეთრი. მომსახურების პერიოდი: 11 ნოემბერი – 31 დეკემბერი.

ცნობისთვის: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანახმადვე, გიორგი აბაშიშვილის დაფუძნებულ „მედია ჯგუფი ინსაიდერ – საქართველოსთან“ [გარდა გამარტივებული შესყიდვებისა] სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციას არაერთი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, რომელთა ღირებულება ათასობით ლარია. მაგალითად: 2025 წელს დადებულ ხელშეკრულებებს შორისაა: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება – 14 400 ლარი; საქაერონავიგზაცია – 9 960 ლარი; კურორტების განვითარების სააგენტო – 4 994 ლარი; ჩუღურეთის რაიონის გამგეობა – 3 675 ლარი; სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო – 9 934 ლარი. პროფესიული უნარების სააგენტო – 4 920 ლარი;; სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო – 4 992 ლარი; აწარმოე საქართველოში – 16 500 ლარი; აჭარის წყლის ალიანსი – 4 400 ლარი.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ