ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში გაგზავნა მაღალი რანგის დელეგაცია, რომელსაც არმიის მდივანი დენიელ დრისკოლი ხელმძღვანელობს. პენტაგონში ამ თანამდებობას იკავებს სამოქალაქო პირი, რომელიც შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებულ საკითხებზეა პასუხისმგებელი.
უკრაინაში ამერიკული დელეგაციის ვიზიტის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან გამოცემები Wall Street Journal-ი და Politico.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დენიელ დრისკოლთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში არიან შეერთებული შტატების სახმელეთო ძალების შტაბის მეთაური, გენერალი რენდი ჯორჯი და ევროპაში ამერიკული ჯარების სარდალი, გენერალი კრის დონაჰიუ. გამოცემის თანახმად, დელეგაციის წევრები უკრაინაში განიხილავენ ომის შეწყვეტასთან დაკავშირებულ იდეებს, ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციას, უკრაინული იარაღის წარმოების საკითხებს და შემდეგ პრეზიდენტ ტრამპს მოახსენებენ. დრისკოლი შეხვედრებს გეგმავს რუსეთის წარმომადგენლებთანაც.
Politico-ს ცნობით, 19 ნოემბერს ამერიკული დელეგაცია შეხვდება უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსნებს, კანონმდებლებს და პრეზიდენტ ზელენსკის. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტი იმ დროსაა, როცა რუსეთმა უკრაინაზე შეტევა გაააქტიურა, კიევის დასავლელი მოკავშირეები კი ცდილობენ იარაღით უკრაინის დახმარების ახალი გზები გამოძებნონ.
Wall Street Journal-ი წერს, რომ კიევში დენიელ დრისკოლის გაგზავნის იდეა გაჩნდა პრეზიდენტ ტრამპის და ვიცე-პრეზიდენტ ვენსის საუბრის დროს. ვენსი და დრისკოლი ერთად სწავლობდნენ იელის უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლაში და მეგობრები არიან.
გამოცემის თანახმად, თეთრი სახლის გადაწყვეტილება უკრაინაში ომის დასრულების ძალისხმევაში ჩართოს დრისკოლი და მაღალი რანგის ამერიკელი ოფიცრები, ნაწილობრივ განპირობებულია წარმოდგენით, რომ მოსკოვი შესაძლოა, უფრო გახსნილი იყოს სამხედროების შუამავლობით მოლაპარაკებებისთვის.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან მოლაპარაკებებში ამ დრომდე ვერ მიაღწია პროგრესს უკრაინაში ომის დასასრულებლად, მათ შორის პირადად პრეზიდენტების, ტრამპის და პუტინის შეხვედრის შედეგად.
შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის 2025 წლის აგვისტოში ალასკის შტატში გამართული მოლაპარაკების შემდეგ მათი მეორე შეხვედრა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იყო დაგეგმილი, თუმცა ოქტომბერში ტრამპმა ეს შეხვედრა გააუქმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრა არასწორი იქნებოდა, რადგან შედეგს არ მოიტანდა.
ფორუმი



