ქართული კურორტები დატვირთვას ვერ უძლებენ. ამის მიზეზი არახელსაყრეელი ინფრასტრუქტურაა, რომელიც თანამედოვე ინდუსტრიის მოთხოვნას ვერ პასუხობს. განსაკუთრებით ამ მხრივ ბაკურიანს უჭირს, თუმცა ანალოგიური მდგომარეობაა ბორჯომში, მესტიაში, გუდაურში, ბახმაროში და ა.შ. სადაც იმაზე მეტი დამსვენებელია, ვიდრე კურორტს ამის რესურსი გააჩნია. სპეციალისტები აქცენტებს სეზონურობაზე აკეთებენ და აცხადებენ, რომ გასააქტიურებელია მუშაობა, რათა კურორტებმა წლის ნებისმიერ პერიოდში შეძლონ დამსვენებლების მიღება და დატვირთვა წელიწადის ყველა დროზე გადანაწილდეს, რაც მდგომარეობას შეამსუბუქებს.
ამისთვის ერთ-ერთი ხელსაყრელი ფაქტორი ფესტივალები და სხვადასხვა აქტივობებია, რაც ტურისტებს არააქტიურ სეზონზეც მოიზიდავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სექტორი შეიძლება სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგეს, ვინაიდან, როგორც ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ეკა ორჯონიკიძემ აღნიშნა, დაბამ შარშან 60 ათასი დამსვენებელი მიიღო, როცა კურორტი ყოველწლიურად 7000 დამსვენებელზეა გათვლილი.
„შარშან, პიკურ სეზონზე (28 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით) გვქონდა საცობების და ნარჩენების გატანის პრობლემა. დღის განმავლობაში გვიჭირდა ჩვენი ნაგავმზიდების გამოყვანა იმიტომ, რომ დამატებით საცობს ქმნიდა. საღამოს საათებში კი, ურნების გარშემო მანქანები იყო ჩაყენებული, რაც პრობლემებს გვიქმნიდა.
საერთოდ, ბაკურიანი გათვლილი იყო სხვა რაოდენობის დამსვენებელზე და ახლა ბევრად მეტი ადამიანი სტუმრობს. შარშან პიკურ სეზონზე დაფიქსირდა 60 000 ადამიანი, წარმოუდგენელი რიცხვია ასეთი პატარა დაბისთვის, რომელიც განკუთვნილი იყო მაქსიმუმ 7 000 ადამიანზე. ან კიდევ როგორ ატარებს ეს პატარა დასახლება ამდენ ადამიანს, ჩემთვის, როგორც ადგილობრივისთვის წარმოუდგენელია.
ინფრასტრუქტურულად ცენტრალური გზები მომზადებულია, მაგრამ არ აქვს გამტარიანობა, ვერ აუდის ამდენ მანქანას ბაკურიანის გზები. სწორედ ამიტომ, შარშანდელი პრაქტიკიდან გამომდინარე, შევიმუშავეთ და მოვხაზეთ ალტერნატიული საგზაო მონაკვეთები, რომელიც ახლა მოწესრიგების ეტაპზეა“, – განაცხადა ეკა ორჯონიკიძემ.
ზამთრის პერიოდში კურორტებზე შექმნილ დისკომფორტსა და სირთულეებზე ბევრს საუბრობდნენ უკმაყოფილო დამსვენებლები. სოციალური ქსელიც არაერთხელ აჭრელებულა მსგავსი ფაქტებით. სამწუხაროდ, პრობლემა მხოლოდ ზამთრის სეზონით არ შემოიფარგლება. ინფრასტრუქტურული და სეზონთან დაკავშირებული სხვადასხვა ტურისტულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას კურორტოლოგი გიგი ყუფარაძე.
,,ის, რომ ბაკურიანში სეზონის პიკზე დამსვენებელთა სიმრავლეა, ცხადია. ამას ვეძახით ,,ზეტურიზმს”, ,,ოვერტურიზმს”, რომელიც დღეს მსოფლიოს ბევრ ქალაქს და ქვეყანას აწუხებს. ფაქტია, მსგავსი ფაქტები იწვევს დისკომფორტს. ამიტომ საჭიროა მოზღვავებული ტურისტების რაოდენობის გადანაწილება. როგორც ცნობილია, ყველაზე მეტი ტურისტი 28 დეკემბრიდან 15 იანვრამდე, იყრის თავს. შემდეგ კი ცარიელდება და თუ თოვლი იქნა თებერვლიდან მარტის 20-მდე კვლავ მოზღვავებაა.
რეალურად, მხოლოდ 2 თვის განმავლობაში გვაქვს აქტიურობა. იმისათვის, რომ ასე არ ხდებოდეს, ტურისტები მთელი სეზონის განმავლობაში უნდა გადანაწილდეს. სეზონიც უნდა გახანგრძლივდეს და ბევრად ადრე დაიწყოს. ამისთვის ბევრი პირობები არსებობს, როგორიცაა თუნდაც ხელოვნური გათოვლიანება. პარალელურად, “დაბალი სეზონის” პირობებში უნდა დაიგეგმოს სხვადასხვა ღონისძიებები, ფესტივალები, შეჯიბრებები, ივენთები, რომლებიც არააქტიურ პერიოდში უნდა განხორციელდეს. ეს გადაანაწილებს სტუმრების ნაკადს”, – აღნიშნა გიგი ყუფარაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას.
სფეროში პრობლემებია როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სეზონზე. მსგავსი სურათია თითქმის ყველა კურორტზე. ამიტომაც, მთლიანობაში აუცილებელია კონცეფციები შეიცვალოს და არსებული კურორტები შეძლებისდაგვარად 4-სეზონიანად გადაიქცეს.
,,იგივე ხდება ბახმაროში, ქობულეთში, აჭარის მაღალმთიან კურორტებზე, მესტიაში და ა.შ. ამ დროს ტურისტების მოზღვავებაა, ფასი კატასტროფულად იზრდება და ამ ფონზე მომსახურების ხარისხს ვერ ინარჩუნებენ. ფუჭდება როგროც კვების, ასევე სხვადასხვა მომსახურების ხარისხი. არ ჰყოფნით წყალი, ვერ გააქვთ ნაგავი და უამრავი პრობლემა იჩენს თავს. ინგრევა და ნადგურდება ინფრასტრუქტურა.
ტურისტული ზონები ხანგრძლივად უნდა იყოს გათვლილი დამსვენებლებზე და არა მცირე დროით. თითქმის ყველა სეზონი მუდმივი აქტიურობით უნდა იყოს გამორჩეული და არა კონკრეტულ თარიღებთან მიმართებით. ამისთვის საჭიროა სპეციალური გეგმები, ფასდაკლებები, მასტიმულირებელი ღონისძიებები, ფესტივალები, რომ დაინტერესებული ადამიანი არ დაელოდოს კონკრეტულ დღესასწაულს. ამით გადანაწილება და ბალანსის დაცვა მოხდება. ეს მოსახლეობისთვისაც მეტი სარგებლის მომტანი იქნება,” – განუცხადა ყუფარიძემ ,,ბიზეს-რეზონანსს” და დასძინა, რომ ყველაფრის თავიდათავი კურორტებზე არსებული უკონტროლო და ქაოსური მშენებლობაა. არავინ იცავს გენგეგმას.
გიგი ყუფარაძის აზრით, საჭიროა ყველა შესაბამისმა ორგანიზაციამ აიღოს პასუხისმგებლობა და მოახერხონ სიტუაციის დარეგულირება. განხორციელდეს კონტროლი თუ რამდენად სწორად შემუშავდა გენგეგმა. პარალელურად, რევიზიაც არ გვაწყენდა.
,,ფაქტია, რომ ცუდი განაშენიანების გამო ბაკურიანი აღარ არის კარგი კურორტი. უკვე ეჭვი მაქვს, რომ მას არაფერი ეშველება. აქამდე არ უნდა მივიყავანოთ საქმე სხვა კურორტებზე. უნდა გამკაცრდეს კოტროლი, რომ სხვა დასასვენებელ ცენტრებს არ დავუკარგოთ და შევუნარჩუნოთ ის იერსახე, რომლითაც ისინი წლებია მომხიბლავი და განუმეორებელნი არიან”,- განაცხადა გიგი ყუფარიძემ.
იგივე პრობლემაზე ამაცვილებს ყურადღებას ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი. იგი ადასტურებს, რომ ზამთრის სეზონი გუდაურში მუდმივად აქტიურია, თუმცა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და გაუმართავი სამედიცინო დაწესებულება მუდმივ პრობლემად რჩება.
,,გუდაური, ჩემს მაგალითზე დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ მოჭარბებას კარგად იტანს. ყველაზე აქტიური პერიოდი ახალი წელია. კურორტისთვის კვლავ გამოწვევად და პრობლემად რჩება მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. ეს ეხება საფეხმავლო და სატრანსპორტო გზას, რომელიც ფეხით მოსიარულეთათვის და ტრაილერებისთვის ერთ და იგივეა. ზამთარში, ყინვისა და თოვლის პირობებში ეს ძალიან საშიშია.
ასევე მოსაწესრიგებელია სამედიცინო პუნქტი. სასწრაფო დახმარების მანქანა ერთი ან ორია, რომელიც ყაზბეგსაც ემსახურება. გუდაური სათხილამურო კურორტია. ეს კი ზოგადად ტრამვიანი სპორტია და ამ კუთხით მეტი აქტიურობა და დახმარებაა საჭირო. შეიძლება სრელიად უნებურად დაზიანდეს ადამიანი და თუ დახმარება დროული არ აღმოაჩნდა, ფატალურადაც დასრულდეს. ამიტომ ვითხოვთ ამ მეტ ყურადღებას და პრობლემის მოგვარებას”, – აღნიშნა მაია მურაჩაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას.




